თსუ სტუდენტები სოციალური საწარმოს მხარდასაჭერად




თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი აქტიურად მონაწილეობს პროექტში „სტუდენტები სოციალური საწარმოების მხარდასაჭერად“. პროექტის ფარგლებში ხორციელდება სტუდენტური კონკურსი, რომლის მიზანია ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და სტუდენტების აქტიური ჩართვა სოციალური მეწარმეობის განვითარების პროცესში.
კონკურსში მონაწილეობას იღებს ოთხი უმაღლესი სასწავლებელი:
  • ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი;
  • კავკასიის უნივერსიტეტი;
  • გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი;
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
11 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გაიმართა შიდასაუნივერსიტეტო კონკურსი, რომლის დროსაც თსუ-ში რეგისტრირებულ გუნდებს საშუალება მიეცა პრეზენტაციის მეშვეობით შესრულებული დავალება წარმოედგინათ. დავალება სოციალური საწარმო Lady X-ის (ახალციხე) მიერ იყო დასმული და მოიცავდა ბაზრის სეგმენტაციას - სასურველი სეგმენტების შერჩევას და კომუნიკაციების ეფექტური მეთოდების დანერგვას. ჟიურიმ გამარჯვებული გუნდი eQuality (მარიამ იაკობიძე, ნათია ჯაოშვილი, გიორგი ბერეჩიკიძე და ლევან ქვარიანი) გამოავლინა. აღნიშნული გუნდი იმუშავებს ზემოთ დასახელებული სოციალური საწარმოს მხარდაჭერაზე.
ამ ღონისძიებით დასრულდა კონკურსის პირველი ტური (შიდასაუნივერსიტეტო კონკურსი), რის შედეგადაც გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული გუნდი (თითო გუნდი თითო მონაწილე უნივერსიტეტიდან), რომელიც მეორე ეტაპში შეეჯიბრება ერთმანეთს (უნივერსიტეტთაშორისო კონკურსი).
პროექტის განხორციელებას ფაკულტეტის მხრიდან ხელს უწყობს მენეჯმენტის და ადმინისტრირების კათედრა (საკონტაქტო პირი, ასოც. პროფ. დავით ნარმანია).
დამატებითი ინფორმაცია პროექტის, მისი განმახორციელებელი ორგანიზაციებისა და მხარდამჭერების შესახებ იხ. ვებ-გვერდზე: http://www.gosocialenterprise.ge