2018-01-05

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრ „იდეას“ მიერ 2017 კალენდარულ წელს გაწეული მუშაობის ანგარიში

თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური კვლევებისა და პროექტების  ცენტრ „იდეას“  მიერ
2017 კალენდარულ წელს გაწეული მუშაობის
 
ა ნ გ ა რ ი შ ი


 
ცენტრის სლოგანია:
„ფიქრი იდეისთვის, კვლევა პროექტისთვის, მართვა წარმატებისთვის“
„Think for an Idea, Research for a Project, Manage to Succeed“


თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური  კვლევებისა და პროექტების ცენტრი „იდეა“ შეიქმნა 2000 წლის 8 თებერვალს. დღეისათვის ცენტრის პერსონალურ  შემადგენლობაშია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და  დოქტორანტურის 40-ზე მეტი სტუდენტი. ცენტრის წევრები, აგრეთვე, არიან შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ისრაელის ბენ გურიონის უნივერსიტეტის სტუდენტები.

ცენტრთან არსებულ მრჩეველთა და მზრუნველთა საბჭოებში გაერთიანებული არიან ქართველი და უცხოელი მეცნიერები, სპეციალისტები და ბიზნესმენები, რომლებიც დიდ დახმარებას უწევენ ცენტრს.

ცენტრის გეგმის მიხედვით, 2017 კალენდარულ წელს მიმდინარეობდა სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-სატრენინგო სამუშაოები და შესაბამისი პროექტების/ღონისძიებების გახორციელება შემდეგი ძირითადი პროგრამების საფუძველზე:

    „შეიმეცნე და ააღორძინე საქართველო“ - ხორციელდება ცენტრთან არსებული ეროვნული ეკონომიკისა და ბიზნესის კვლევის სექტორში;
    „ისრაელის ეკონომიკა და ბიზნესი“ - ხორციელდება ცენტრთან არსებული ისრაელის ეკონომიკისა და ბიზნესის კვლევის სექტორში;
    „აშშ-ს ეკონომიკა და ბიზნესი“ - ხორციელდება ცენტრთან არსებული ამერიკული ეკონომიკისა და ბიზნესის კვლევის სექტორში;
    „ბრიტანეთის ეკონომიკა და ბიზნესი“ - ხორციელდება ცენტრთან არსებული ბრიტანული ეკონომიკისა და ბიზნესის კვლევის სექტორში.



ქვემოთ გადმოცემულია ცენტრ „იდეას“ ინიციატივით, ორგანიზებით და მონაწილეობით 2017 კალენდარულ წელს განხორციელებული პროექტები/ღონისძიებები და 2018 კალენდარული წლის გეგმები

* * *


1) პროგრამული პროექტი - I საერთაშორისო სტუდენტური საზაფხულო
სამეცნიერო-პრაქტიკული სკოლა „საქართველო-ისრაელის ურთიერთობები
 - ახალი ტექნოლოგიების მართვა ურბანულ და აგრარულ სექტორებში“  (საქართველო, ბათუმი, გონიო. 2-9 აგვისტო, 2017).


თსუ-ის სტუდენტური სამეცნიერო პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს 2017 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით დაფინანსდა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრ „იდეა“-ს მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული სამეცნიერო პროექტი.

პროექტის თანაორგანიზატორები და თანადამფინანსებლები არიან:
1.    თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
2.    თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი;
3.    სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრი „იდეა“;
4.    ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბსუ);
5.    ბსუ სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრი „ახალი ხედვა“;
6.    თბილისის მერია;
7.    ისრაელის საელჩო საქრთველოში;
8.    ისრაელის ფირმა „ნეტაფიმ-საქართველო“.

საზაფხულო სკოლის ინიციატორი და ერთ-ერთი ორგანიზატორია თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრი „იდეა“.

პროექტი მიეძღვნა საქართველოსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს.
პროექტის მიხედვით განსაზღვრულია ორი ეტაპი.

•    პირველ ეტაპზე (მარტი-აგვისტო) განხორციელდა:
1.    უშუალოდ სკოლის მომზადება და ჩატარება გონიოში;
2.    დაფუძნდა სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული ყოველკვარტალური ჟურნალი „სტუდენტური კვლევები და პროექტები“.

•    მეორე ეტაპზე (სექტემბერი-დეკემბერი):
1.    გამოსაცემად მომზადდა და თსუ გამომცემლობას გადაეცა სკოლის მიმდინარეობისას დაფუძნებული სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული ყოველკვარტალური ჟურნალი - „სტუდენტური კვლევები და პროექტები“, რომლის პირველ ნომერში, დეკემბრის ბოლოს  დაიბეჭდა საზაფხულო სკოლის მოხსენებები (რითაც დასრულდა პროექტი).

საზაფხულო სკოლის (უშუალოდ გონიოს ნაწილი - 2-9 აგვისტო) მუშაობაში სტუმრის და მომხსენებლის რანგში მონაწილეობა მიიღო 40-ზე მეტმა ადამიანმა, რომელთა შორის არიან ისრაელის ელჩი საქართველოში შაბთაი ცური; თსუ პროფესორი, თბილისის ყოფილი მერი - დავით ნარმანია; ბათუმის მერის მოადგილე - ბაგრატ მანველიძე; აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - ავთანდილ მესხიძე; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები, მეცნიერები, სპეციალისტები და ბიზნესმენები საქართველოდან და ისრაელიდან.

ისრაელის მხარეს წარმოადგენდა 9 ადამიანი, მათ შორის, ბენ გურიონის უნივერსიტეტის საპირის კოლეჯის პროფესორი რობერტ ალბინი, ფირმა „ნეტაფიმ-საქართველოს“ დირექტორი აჰარონ გაგულაშვილი და 2 სტუდენტი ბენ გურიონის უნივერსიტეტიდან ავიელ ელიასი და ტომ რაზი).

გონიოში საზაფხულო სკოლის მიმდინარეობისას მოეწყო: მისალმებები; თემატური მოხსენებები და დისკუსიები; ისრაელის ფირმა „ნეტაფიმ-საქართველო“-ს პრეზენტაცია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში; ვიზიტი ზუგდიდის სასათბურე მეურნეობაში; შემოქმედებითი აკვასემინარი; ვიზიტი აჭარის ერთ-ერთ აგროფირმაში; აჭარის ბუნებრივი, ისტორიული და ურბანული ღირსშესანიშნაობების დათვალიერება. დაფუძნდა და დეკემბერში გამოიცა ცენტრი „იდეა“-ს სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი. პროექტის მიმდინარეობა გაშუქდა მედიაში, ბსუ-ს მიერ გადაღებულ იქნა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტული ფილმი.

დეკემბრის ბოლოსათვის გახორციელებულია პროექტის ორივე დაგეგმილი ეტაპი:
1.    საზაფხულო სამეცნიერო-პრაქტიკული სკოლის მომზადება და ჩატარება გონიოში;
2.    მომზადდა და თსუ გამომცემლობას გადაეცა ცენტრი „იდეა“-ს სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი, რომელშიც დეკემბრის ბოლოს დაიბეჭდა საზაფხულო სკოლაში წარმოდგენილი მოხსენებები.
იხილეთ:
•    /ge/government/administration/departments/pr/information/oHcBLZGmLxacLnV83/?p=1
•    https://www.bsu.edu.ge/sub-33/page/8554/index.html



2) თანამშრომლობა შოთა რუსთაველის სახელობის
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან

2017 წლის 12-14 თებერვალს მოეწყო თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თეიმურაზ ბერიძის, ცენტრ „იდეას“  დირექტორის გიორგი შიხაშვილის და ცენტრის მენეჯერთა (მირიან თედიაშვილი, ტონი ძნელაძე) ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ვიზიტის უმთავრესი მიზანი იყო თსუ-სა და ბსუ-ს შორის არსებული მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობის გაფართოება ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტების სტუდენტთა კვლევითი საქმიანობისა და სათანადო პროექტების განხორციელების სფეროში.

შეხვედრები და მოლაპარაკებები გაიმართა ბსუ რექტორთან, პროფესორ მერაბ ხალვაშთან, ბსუ რექტორის მოადგილესთან, პროფესორ ნათია წიკლაშვილთან, ბსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ჯემალ ანანიძესთან, ბსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანთან, პროფესორ ვლადიმერ ღლონტთან,  ფაკულტეტის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან მურმან ცეცხლაძესა და ბადრი გეჩბაიასთან. მომავალი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების განხილვა-კონსულტაციების შედეგად ბსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი და 13 თებერვალს დაფუძნდა სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრი, რომელიც უკვე მჭიდროდ თანამშრომლობს ცენტრ „იდეასთან“-სთან.

ბსუ-მ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ზემოაღნიშნული საზაფხულო სკოლის მომზადებასა და წარმატებით ჩატარებაში.
იხილეთ:  /ge/faculties/economics/news/ZgMFVkXlu9_OUFL3e/?p=1



3) ცენტრ ,,იდეას“  თანამშრომლობა ისრაელის
საელჩოსთან საქართველოში


2013 წლიდან ცენტრი „იდეა“ მჭიდროდ თანამშრომლობს ისრაელის საელჩოსთან საქართველოში, რომელიც ყოველმხრივ დახმარებას უწევს ცენტრს.

სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა სამი საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია და ზემოაღნიშნული საზაფხულო სკოლა (2014 წელს მესტიაში, 2015 წელს სიღნაღში, 2016 წელს თბილისში და 2017 წელს გონიოში).

2017 წლის განმავლობაში შედგა შეხვედრები ისრაელის ახალ ელჩთან, ბატონ შაბთაი ცურთან. 2018 წელს და მომავალში დაგეგმილია ფაკულტეტისა და ცენტრის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელება ისრაელის საელჩოსთან საქართველოში.

    2018 წლის ოქტომბერში განზრახულია ერთობლივი სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მოწყობა თელავში.
 


4) ცენტრ ,,იდეას“  თანამშრომლობა ისრაელის ფირმა
 „ნეტაფიმ-საქართველოსთან“



მჭიდრო თანამშრომლობა 2014 წლიდან ვითარდება ისრაელის ფირმა „ნეტაფიმ-საქართველოსთან“ (დირექტორი - აჰარონ გაგულაშვილი). ცენტრის ინიციატივით, ორგანიზებით და მონაწილეობით 2015 წლის 9 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და ისრაელის ფირმა „ნეტაფიმ-საქართველო“-ს შორის. მემორანდუმის მიზანია, მხარეებმა ხელი შუწყონ საქართველოში სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებსა და ბიზნესორგანიზაციებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას. მემორანდუმით გათვალისწინებულია:

1.    ერთობლივი სოციალურ-ეკონომიკური, მმართველობითი და სამეცნიერო-საექსპერტო პროექტების განხორციელება;
2.    სასწავლო-სატრენინგო კურსებისა და საჯარო ლექცია-სემინარების ერთობლივი ჩატარება დაინტერესებული მხარეებისთვის;
3.    თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესურისა და სტუდენტური ცენტრ „იდეას“-ს წევრების გაგზავნა ისრაელსა და საქართველოში კომპანიის საწარმოებში გამოცდილების გასაზიარებლად, სტაჟირებასა და პროფესიულ პრაქტიკაზე;
4.    ერთობლივი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციებისა და სიმპოზიუმების ჩატარება.

მემორანდუმის ფარგლებში, ფირმა „ნეტაფიმ-საქართველო“-ს მნიშვნელოვანი მხარდაჭერით:
•    2015 წლის 20-21 სექტემბერს სიღნაღში ჩატარდა II საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: „საქართველო-ისრაელის ურთიერთობები: აგრობიზნესის ორგანიზაცია და მართვა“.
•    2016 წლის 17-18 მაისს თბილისში ჩატარდა III საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „საქართველო-ისრაელის ურთიერთობები: ტრადიციული და ახალი ტექნოლოგიების ორგანიზაცია და მართვა“.
•    2017 წლის 2-9 აგვისტოს გონიოში ჩატარდა I საერთაშორისო სტუდენტური საზაფხულო სამეცნიერო-პრაქტიკული სკოლა „საქართველო-ისრაელის ურთიერთობები - ახალი ტექნოლოგიების მართვა ურბანულ და აგრარულ სექტორებში“.

    2018 წელს განზრახულია ცენტრის წევრი სტუდენტების გაგზავნა სტაჟირებაზე ისრაელში ფირმის ცენტრალურ ოფისში.
    2018 წლის ოქტომბერში განზრახულია ერთობლივი სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მოწყობა თელავში.




5) ცენტრ ,,იდეას“  თანამშრომლობა ისრაელის ბიზნესპალატასა და
ისრაელის სახლთან


2014 წლიდან ვითარდება ცენტრ „იდეას“ თანამშრომლობა ისრაელის ბიზნესპალატასთან/ისრაელის სახლთან (ხელმძღვანელი - ბატონი  იციკ მოშე).

2017 წლის 4 ივნისს  ცენტრი „იდეა“ -ს წევრები და ფაკულტეტის პროფესურა დაესწრნენ ისრაელის საელჩოსა და  ისრაელის ბიზნესპალატის მიერ ორგანიზებულ ნინო ყოლანდარიას ფილმის პრემიერას: ,,არ დაგივიწყებ საქართველო“, რომელიც ჩატარდა კინოთეატრ „ამირანში“.

5 სექტემბერს ცენტრი „იდეა“ -ს წევრები და ფაკულტეტის პროფესურა დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში „ებრაული კულტურის ევროპული დღეების“ ფარგლებში გაიმართულ გამოფენას. გამოფენა ორგანიზებული იყო ისრაელის საელჩოსა და  ისრაელის ბიზნესპალატის მიერ.
იხილეთ:  /ge/faculties/economics/news/eGalncTtcU4tgaFG7/?p=1



6) თანამშრომლობა ისრაელის ბენ-გურიონის უნივერსიტეტის (ბგუ)
საპირის კოლეჯის პროფესორ რობერტ ალბინთან

2014 წლიდან მოყოლებული და, კერძოდ, 2017 წელს ცენტრი „იდეა“ მჭიდროდ თანამშრომლობს აღნიშნულ პროფესორთან, რომელიც არის ცენტრის მრჩეველთა საბჭოს წევრი და აქტიურად მონაწილეობს ცენტრის საქმიანობაში.


7) ცენტრ ,,იდეას“ თანამშრომლობა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან

მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან 2014 წელს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში 2016 წელს დაწყებულია მუშაობა ზემო სვანეთში პროექტების მართვის სრულყოფის კვლევის მიმართულებით.

პროექტში მონაწილეობას მიიღებს ცენტრის პერსონალი, მათ შორის ფაკულტეტის დოქტორანტი, მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელენე განაია.
    2018 წელს და მომავალში განზრახულია კვლევების გაფართოება მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან ერთად ზემო სვანეთში პროექტების მართვის სრულყოფის კვლევის მიმართულებით.


8) ცენტრ „იდეას“ დირექტორის, გიორგი შიხაშვილის
მონაწილეობა სხვადასხვა ტრენინგებში, სემინარებსა და კონფერენციებში


2017 წლის განმავლობაში ცენტრის დირექტორი გიორგი შიხაშვილი მონაწილეობდა 10-ზე მეტ ტრენინგში, საზაფხულო სკოლაში, სემინარებსა და კონფერენციებში ტრენერის, მსმენელის, ორგანიზატორის, სექციის ხელმძღვანელის, ორგკომიტეტის თავმჯდომარის/წევრის რანგში როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში (თბილისი, ბათუმი, მინსკი, პეტროზავოდსკი).


9) ცენტრ „იდეაში“ ჩატარებული ტრენინგები

ცენტრ ,,იდეა“-ს მთავარი პროგრამა - ,,შეიმეცნე და ააღორძინე საქართველო“, შესაბამის კვლევებთან ერთად, ითვალისწინებს ტრენინგების ჩატარებას როგორც ცენტრის წევრებისა და ფაკულტეტის სტუდენტებისათვის, ასევე თსუ-ს გარე სამიზნე ჯგუფებისათვის (დროის მართვა; პროექტების შედგენა; პროფესიული ორიენტაცია; გრანტის მოპოვება; კონფერენციების მოწყობა; საზაფხული სკოლების მოწყობა; სამეცნიერო კვლევის მეთოდიკა;  ადგილობრივი მართვა; საკუთარი ბიზნესის დაწყება და მართვა).

2017 წელს სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრი „იდეა“ აგრძელებდა ტრენინგების ციკლს. კერძოდ:

1.    2017 წლის 14  იანვარს ცენტრ „იდეას“ მენეჯერებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე:  „ტრენინგების ორგანიზაცია“ (ტრენერი - ცენტრის დირექტორი  გიორგი შიხაშვილი). განხილულ და შესწავლის იქნა შედეგი ძირითადი საკითხები: 1) ტრენინგების ორგანიზაცია და მეთოდიკა; 2) რჩევები ტრენერებს; 3) ტრენინგის კურსი დამწყებთათვის: ,,პროექტების მენეჯმენტი’’(ნიმუში). მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

2.    2017 წლის მარტში დაიწყო გრძელვადიანი (10 თვიანი) ტრენინგი თემაზე: „საზაფხულო სკოლის ორგანიზება“. ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს ზემოაღნიშნული გონიოს საზაფხულო სკოლის მოსამზადებელი სტუდენტური სამუშაო ჯგუფის წევრებმა. განხილულ  და შესწავლილ იქნა შემდეგი საკითხები: 1) ტრენინგები; 2) საზაფხულო სკოლა; 3) მოხსენების მომზადება; 4) სამეცნიერო ჟურნალის გამოცემა; 5) მთარგმნელის ფუნქცია.

ტრენინგი დამთავრდა 2017 წლის 14 დეკემბერს. მონაწილეებს გადაეცათ საზაფხულო სკოლის ორგანიზატორის სერტიფიკატები.
    2018 წელს დაგეგმილია ტრენინგების ჩატარება შემდეგ თემებზე: პროფესიული ორიენტაცია; დროის მართვა; სამეცნიერო კვლევის და ნაშრომების წერის მეთოდიკა.



10) ცენტრ ,,იდეას“ წევრი სტუდენტების მონაწილეობა სხვადასხვა
 პროექტებში და ღონისძიებებში

2017 წლის განმავლობაში ცენტრ ,,იდეას“ წევრები ცენტრის სახელით და ინდივიდუალურად მონაწილეობდნენ საქართველოში და უცხოეთში გამართულ არაერთ კონფერენციაში, ტრენინგებში, გაცვლით და საგრანტო პროგრამებში, პროექტებში და სხვა ღონისძიებებში, სადაც მოიპოვეს შესაბამისი ჯილდოები და სერტიფიკატები.



11) სტუდენტური სასწავლო-შემეცნებითი სემესტრული გუნდური
 პროექტების პრეზენტაცია ცენტრ „იდეას“ ოფისში

 
2017 წლის 13  იანვარს სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრ „იდეა“-ს ოფისში ჩატარდა სემესტრული სტუდენტური გუნდური პროექტების პრეზენტაცია. პრეზენტაციაში მონაწილეობდა 5-7 სტუდენტისაგან შემდგარი 20-მდე საპროექტო გუნდი. პრეზენტაციას ხელმძღვანელობდა ცენტრ „იდეა“-ს დირექტორი, ასოცირებული პროფესორი გიორგი შიხაშვილი.

წარმოდგენილ პროექტებს, გ.შიხაშვილთან ერთად, აფასებდა კომისია, რომლის წევრები იყვნენ წინასწარ დატრენინგებული ცენტრის მენეჯერები - ფაკულტეტის სტუდენტები: სალომე სალია, მარიამ მჭედლიშვილი, გვანცა კურატიშვილი, მთვარისა ქვრივიშვილი, გუგა ჯანვერდაშვილი, ნინო ფირალიშვილი, ტონი ძნელაძე და შოთა გაბადაძე.
პრეზენტაციამ   შემოქმედებით  და ინტერაქტიურ გარემოში ჩაიარა.
წარმოდგენილი პროექტების დიდმა ნაწილმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
იხილეთ: /ge/faculties/economics/news/oEqaOYKPIjfxpVo2c/?p=1

2017 წლის  15 ივნისს ჩატარდა ანალოგიური პრეზენტაცია. პროექტებს გ.შიხაშვილთან ერთად, აფასებდა ცენტრის მენეჯერებისაგან შემდგარი კომისია, რომლის წევრები იყვნენ წინასწარ დატრენინგებული ცენტრის მენეჯერები - ფაკულტეტის სტუდენტები.

პრეზენტაციამ შემოქმედებით და ინტერაქტიურ გარემოში ჩაიარა. წარმოდგენილი პროექტების მნიშვნელოვანმა ნაწილმა უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.


12) ცენტრ ,,იდეა“-ს მონაწილეობა მთარგმნელობით პროექტში -
S. Robbins, M. Coulter. Management. USA, Pearson, 2014.


2017 წლის განმავლობაში ცენტრ ,,იდეა“-ს წევრები გ. შიხაშვილი და თ. თაქთაქიშვილი უძღვებოდნენ სარედაქციო-საორგანიზაციო მუშაობას, რომელიც ხორციელდება მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის მიერ ინგლისურიდან ნათარგმნი სახელმძღვანელოს (S. Robbins, M. Coulter. Management. USA, Pearson, 2014) თსუ-ში გამოსაცემად.

ამ ეტაპზე თსუ გამომცემლობის მიერ  წიგნი გადაცემულია სტამბაში დასაბეჭდად, რაც უნდა დასრულდეს 2018 წლის თებერვალ-მარტში.

ამასთან, მთავრდება ხელშეკრულების გაფორმება Pearson-თან წიგნის ელექტრონული ვერსიის გავრცელებისათვის.


* * *


ცენტრ ,,იდეას“ 2018 წლის გეგმების შესახებ

ამ ეტაპზე ტარდება მოსამზადებელი სამუშაოები და იგეგმება სამეცნიერო-კვლევითი, საკონფერენციო, სასწავლო-სატრენინგო და მთარგმნელობითი პროექტები 2018 და შემდეგი წლებისთვის.

2018 წელს ცენტრ „იდეა“-ს ინიციატივით, ორგანიზებით და მონაწილეობით განზრახულია შემდეგი ძირითადი პროექტების/ღონისძიებების  განხორციელება:

    რეგულარული გამოცემა ახალდაფუძნებული სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული ყოველკვარტალური ჟურნალისა - „სტუდენტური კვლევები და პროექტები“;
    2018 წლის ოქტომბერში განზრახულია ისრაელის მხარესთან (მათ შორის, ბგუ-სთან) ერთობლივი სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის („სტუდენტური კვლევები და პროექტები“) მოწყობა თელავში;
    მომზადება და 2019 წლის თებერვალში ისრაელის მხარესთან, (მათ შორის, ბგუ-სთან) ერთობლივი სტუდენტური სამეცნიერო-პრაქტიკული ზამთრის სკოლის მოწყობა ბაკურიანში;
    ფირმა „ნეტაფიმ-საქართველო“-ს მხარდაჭერით - ცენტრის წევრი სტუდენტების გაგზავნა სტაჟირებაზე (პრაქტიკაზე) ისრაელში ფირმის ცენტრალურ ოფისში;
    კვლევების გაფართოება ცენტრთან არსებული ამერიკული ეკონომიკისა და ბიზნესის კვლევის სექტორის, თსუ ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის, კალიფორნიისა და სან-დიეგოს უნივერსიტეტებისა და საქართველოში აშშ-ის საელჩოს ერთობლივი ძალისხმევით;
    კვლევების გაფართოება ცენტრთან არსებული ბრიტანული ეკონომიკისა და ბიზნესის კვლევის სექტორის, ოქსფორდის უნივერსიტეტისა და საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს ერთობლივი ძალისხმევით;
    დაწყება ახალი მთარგმნელობითი პროექტისა „მენეჯმენტის კლასიკოსები“;
    თანამშრომლობა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან ზემო სვანეთში პროექტების მართვის სრულყოფის კვლევის მიმართულებით;
    ტრენინგების ჩატარება სტუდენტებისთვის შემდეგ თემებზე: პროფესიული ორიენტაცია; დროის მართვა; სამეცნიერო კვლევის და ნაშრომების წერის მეთოდიკა;
    გასვლითი ლექცია-სემინარების და ტრენინგების მოწყობა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში;
    სასწავლო-შემეცნებითი გუნდური პროექტების სემესტრული პრეზენტაციები.

* * *


უმთავრესი დასკვნა

მთლიანობაში, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრმა „იდეა“-მ  2017 წელს ნაყოფიერად იმუშავა.

ახალ, 2018 წელს ცენტრი ხვდება დიდი ენთუზიაზმით და საინტერესო გეგმებით, რომელთა განხორციელებისათვის ცენტრის წევრები ძალ-ღონეს არ დაიშურებენ.



გიორგი შიხაშვილი
თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის
სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრი „იდეას“ დირექტორი,
მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ასოცირებული პროფესორი


მარიამ მჭედლიშვილი
თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტის
სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრი „იდეას“დირექტორის მოადგილე,
მეოთხე კურსის სტუდენტი













Print

« იხ. ყველა სიახლე