10-15 სექტემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსის აუდიტორია 301-ში, გაიმართება საერთაშორისო საზაფხულო სკოლა, თემაზე „სტარტაპი“, რომლის ორგანიზატორები არიან თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი და კობლენცის (გერმანია) გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი.
10 სექტემბერს, 10:00 საათზე, საზაფხულო სკოლას გახსნის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი გია შარვაშიძე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე და მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი დავით ნარმანია.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი, გერმანელი და აზერბაიჯანელი სტუდენტები. ლექცია-სემინარების წასაკითხად მოწვეული არიან პროფესორები მაგდალენა შტულბი, გაბრიელა ვოლფი და სვენ ბინდერი კობლენცის უნივერსიტეტიდან. ლექციების შემდეგ გაიმართება დისკუსიები საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში სტარტაპების გამოცდილების შესახებ. საზაფხულო სკოლის მონაწილეებს საშუალება ექნებათ მოინახულონ თბილისში არსებული სხვადასხვა საწარმოები, ხოლო დასვენების დღეებში უცხოელი სტუმრები დაათვალიერებენ საქართველოს ღირშესანიშნაობებს. საზახულო სკოლის სამუშაო ენა არის ინგლისური. მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
შეგახსენებთ, რომ 2017 წელს, კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორებისა და სტუდენტების მონაწილეობით ასევე გაიმართა საერთაშორისო საზაფხულო სკოლა თბილისში, რომლის სამუშაო თემა იყო „ინტერკულტურული მენეჯმენტის კომპეტენციები“.