2018-04-23

ასოცირებული პროფესორის ეკა ლეკაშვილის ვიზიტი რჟეშოვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

მიმდინარე წლის 16-10 აპრილს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ეკა ლეკაშვილი იმყოფებოდა პოლონეთში, რჟეშოვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. ვიზიტის მიზანი გახლდათ ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზსმუს პლიუს პროგრამის ფარგლებში აკადემიური პერსონალის მობილობის სტიპენდიის საფუძველზე აკადემიური აქტივობის განხორციელება. უნივერსიტეტის მხრიდან მასპინძლობა გაწია ბიზნესისა და მენეჯმენტის ფაკულტეტმა. შედგა შეხვედრა ფაკილტეტის დეკანთან ასოცირებულ პროფესორ სტანისლავ გედეკთან, მენეჯმენტის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორ იასეკ სტროინისთან, ასევე, უნივერსიტეტის ერაზმუს + ოფისის ხელმძღვანელთან ქ-ნ მონიკა სტანიცთან.

ვიზიტის დროს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს უნივერსიტეტის დაფუძნების ისტორია, სტრუქტურა, სტრატეგია, მიღწევები, ცალკეული სტრქუტურის საქმიანობის სპეციფიკა. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის შექმნა დაკავშირებულია საავიაციო წარმოების განვითარებასთან და მიმდინარე სასწავლო პროგრამებიც საავიაციო ინდუსტრიის მოთხოვნების შესაბამისია. კერძოდ, ფაკულტეტზე მოქმედებს ლოჯისტიკის, ფინანსების, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების და უსაფრთხოების პროგრამები. ასოც. პროფესორი ეკა ლეკაშვილი ადგილზე გაეცნო რჟეშოვის აეროპორტის განვითარების შესაძლებლობებს, ბიზნეს ინკუბატორის, თავისუფალი ეკონომიკური ზონის ფუნქციონირებას და ქალაქის განვითარების სამომავლო ხედვებს ინოვაციებისა და ბიზნესის ურთიერთკავშირის პირობებში.

სუბკარპატების რეგიონის და უნივერსიტეტის განვითარების პოტენციალმა მოლოდინს გადააჭარბა. ევროპული სტანდარტის ინფრასტრუქტურა და ორიენტირება ინოვაციურ და მდგრად განვითარებაზე არნიშნული რეგიონის ყველაზე მნიშვნელოვან მახასიათებლად განიხილება, მათ შორის ქალაქ რჟეშოვისთვის.

აკადემიური მობილობის პროგრამა მიზნად ისახავდა სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის ლექციების კურსის შეთავაზებას. ლექციებზე დამსწრეთა შორის წარმოდგენილნი იყვნენ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტები, ერაზმუს პლიუსის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში უკრაინიდან და ყაზახეთიდან ჩამოსული სტუდენტები, ასევე, ადგილობრივი პედაგოგ-მასწავლებლები.

ჩატარდა ლექციები თემებზე :
1.    ტრანსფორმაციის ეკონომიკური პოლიტიკის თეორიული და მეთოდოლოგიური საფუძვლები;
2.    ტრანსფორმაციის ეკონომიკური პოლიტიკის პრობლემები საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი თემატიკის გარდა, დამსწრე საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია ზოგადად საქართველოზე და ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაციამ.

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან და აკადემიურ პერსონალთან ერთად განხილულ იქნა უნივერსიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები ერაზმუს პლიუსის, ვიშეგრადის ფონდის და სხვა პროგრამების დაფინანსების ფარგლებში. ასევე, ერთობლივი სამეცნიერო კვლევების, სტატიების რეცენზირების, ლექციათა კურსის შეთავაზების შესაძლებლობები.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ვიზიტი რჟეშოვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში საკმაოდ წარმატებული და ნაყოფიერი აღმოჩნდა, როგორც ცოდნის და გამოცდილების გაცვლის, ასევე ურთიერთთანამშრომლობის განვითარების თვალსაზრისით.








Print

« იხ. ყველა სიახლე