ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტმა, 2018 წლის 26-27 ოქტომბერს, უმასპინძლა მე-3 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას: “გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში”.
წლევანდელი კონფერენცია მიეძღვნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს.
კონფერენციაზე მოწვეული იყვნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი მეცნიერები, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა უნივერსიტეტებს. კერძოდ, მსოფლიოს 9 სახელმწიფოდან წარმოდგენილი იყო 100-ზე მეტი ნაშრომი და სამეცნიერო სტატია.
კონფერენცია გაიხსნა 26 ოქტომბერს, 10:00 საათზე, თსუ პირველი კორპუსის 115-ე აუდიტორიაში.
ღონისძიება გახსნა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ. „გლობალიზაცია არის პროცესი, რომელიც შეუქცევად ხასიათს ატარებს. სამწუხაროდ, ქართულ საზოგადოებაში არის ისეთი მოსაზრებები, რომ ჯობია რაღაც მოარული, სხვა ქვეყნიდან მოსული იდეებით ვისაზრდოვოთ, მაშინ როდესაც, ქართველ ეკონომისტებს აქვთ ის პრაქტიკული ცოდნა ქართული ეკონომიკის, რაც აუცილებელია სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად. ძალიან რთულია კონკრეტული რეცეპტის შექმნა. ჩვენ უნდა ავიღოთ გლობალიზაციისგან მაქსიმალურად ის უპირატესობა, რასაც ის იძლევა და შევამციროთ ის საფრთხეები, რასაც ასევე ქმნის გლობალიზაცია. ამაში კი ფასდაუდებელი წვლილის შეტანა შეუძლია ქართველ ეკონომისტებს,“- განაცხადა პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ.
მოწვეულ სტუმრებს გულითადად მიესალმა თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ქალბატონი ნუნუ ოვსიანიკოვა. მან ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის საერთასორისო ურთიერთობების მნიშვნელობას და კმაყოფილება გამოთქვა უცხოელი სტუმრების სიმრავლის გამო.
საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ბატონ რომან კაკულიას თქმით, „მსოფლიოში უკვე აღარავინ მალავს, რომ გლობალიზაცია არ იყო მხოლოდ პოზიტიური შედეგების მომტანი, რომელმაც გამოიწვია კაპიტალის კონცენტრაცია იმ სუბიექტების ხელში, ვინც ისედაც ფლობდა დიდ კაპიტალს და ასევე, გარკვეულწილად, გაღარიბების ტენდენციებსაც შეუწყო ხელი. ამიტომ, ისეთი მასშტაბის მქონე ქვეყნებისათვის, როგორიც ჩვენ ვართ, ეს გამოწვევები ორმაგად მძაფრად დგას. ძალიან მძიმედ მოსაძებნია ოქროს შუალედი. საქართველო არ არის პირველი ქვეყანა, ვინც ამ გამოწვევის წინაშე დგას. საერთაშორისო გამოცდილება ამ თემასთან მიმართებით მნიშვნელოვანია, რათა ჩვენ ჩვენს კონკრეტულ ხედვებში ჩამოვყალიბდეთ.“
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა თსუ პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი, რომელმაც გლობალიზაციის შედეგად არსებულ შესაზლებლობებსა და გამოწვევეზე გაამახვილა ყურადღება.
სასიამოვნო სიურპრიზი იყო კონფერენციის მონაწილეებს შორის პროფესორ ალექსანდრე შჩერბაკოვის გამოჩენა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია.
პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოვიდნენ:
-აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, რომელმაც წარმოადგინა თავისი ნაშრომი თემაზე: „საქართველოს ეკონომიკური მოდელი: „სამომხმარებლო პარადოქსი“ და ”ტურისტული ხაფანგი”;
-ლილის (საფრანგეთი) კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი ვერონიკა ფლამბარდი, რომელმაც წარმოადგინა საკუთარი კვლევა თემაზე: „ეკონომიკური მდგომარეობა საფრანგეთსა და ევროკავშირში“;
-ვადიმ ჰეტმანის სახელობის კიევის ეროვნული ეკონომიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ტატიანა სობოლევა - „ინტელექტუალური საკუთრების მართვა გლობალური ტექნოლოგიური ცვლილებების კონტექსტში“;
-რჟეშოვის (პოლონეთი) ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი იაცეკ სტროინი - „ადგილობრივ თვითმმართველობებში თანამედროვე საჯარო მართვის ძირითადი გამოწვევები“;
-თსუ-ის პროფესორი იოსებ ხელაშვილი - „საქართველოში ტურიზმის მდგრადი განვითარების სოციალური და ეკონომიკური გამოწვევები“.
პლენარული სხდომის დამთავრების შემდეგ, 14:00 საათზე, მუშაობა გაგრძელდა სექციებში, უნივერსიტეტის მე-10 (მაღლივ) კორპუსში. კონფერენციის სამეცნიერო თემატიკის მიხედვით წარმოდგენილი იყო 14 სექცია.
მეორე დღეს, 27 ოქტომბერს, კონფერენციის მონაწილე უცხოელი და ქართველი სტუმრები ეწვივნენ მცხეთას, დაათვალიერეს შიომღვიმის მონასტერი.