2018-01-05

უპრეცენდენტო შემთხვევა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე - ფაბლაბში სტუდენტების ბიზნეს პროექტების პრეზენტაცა გაიმართა

სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია და ბიზნეს-ინკუბატორი თსუ-ში 2015 წლიდან ფუნქციონირებს. იგი შეიქმნა თბილისის მერიის დახმარებით და თსუ-ს საკუთრებაში 2017 წელს გადმოეცა. ფაბლაბი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, როგორიცაა:  3D პრინტერები - uPrint 3D და Dual Extruder, Epilog Fusion - ლაზერული დანადგარი, UV Printer -ულტრაიისფერი სხივით საბეჭდი, CNC დანადგარი, 3D სკანერი. მისი ძირითადი დანიშნულებაა მოახდინოს ინოვაციური იდეების გენერირება, ინოვაციური პროდუქტების შექმნა და სტარტაპების  მხარდაჭერა.  ფაბლაბის დახმარებით დაინტერესებულ პირებს საშუალება ეძლევათ ჩამოაყალიბონ და რეალობად აქციონ საკუთარი ბიზნეს იდეები.


მას შემდეგ, რაც ფაბლაბმა თსუ-ს ფარგლებში დამოუკიდებლად დაიწყო ფუნქციონირება, არაერთი აქტივობა შესრულდა და დაისახა. 2017 წლის სექტემბრიდან იგი ჩაერთო ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესში და დაიწყო ლაბორატორიული მეცადინეობების  ჩატარება იმ სტუდენტებისთვის, რომლებმაც აირჩიეს სასწავლო კურსი „პრაქტიკული მენეჯმენტი“. აღნიშნული სასწავლო კურსის ფარგლებში  სტუდენტები მუშაობდნენ ბიზნეს პროექტების პრაქტიკულ შესრულებაზე. სტუდენტებმა, ფაბლაბში ჩატარებული ლაბორატორიული მეცადინეობების დახმარებით, ბიზნეს პროექტის მთელი ციკლი - ბიზნეს იდეიდან პროტოტიპის შექმნამდე -  განახორციელეს.  ეს არის ბოლო ათწლეულის მანძილზე პირველი პრეცენდენტი, როცა  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებმა  ბიზნეს პროექტები სასწავლო კურსის ფარგლებში და ადგილზე, პრაქტიკულად შეასრულეს და რეალური პროდუქტების სახით წარმოადგინეს.


პროექტების პრეზენტაცია გაიმართა ფაბლაბში 2017 წლის 28 დეკემბერს.  წარმოდგენილი იყო 15 - მდე პროექტი, რომელზეც მუშაობდა 150-მდე სტუდენტი. პრეზენტაციას ესწრებოდნენ ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე და ის პროფესორები, რომლებიც ასწავლიდნენ სასწავლო კურსს „პრაქტიკულ მენეჯმენტს“.  სტუდენტების აქტიურობამ და შესრულებულმა პროექტებმა დიდი მოწონება დაიმსახურა და ფაბლაბის მენეჯერმა პროფესორმა ეკა ჩოხელმა თითოეულ გუნდს სიურპრიზის სახით საჩუქრად გადასცა ფაბლაბის მომსახურების უფლება, რაც გულისხმობს მათთვის ტექნიკური დახმარებას გაწევას და სასურველი ტექნოლოგიების გამოყენების უფლებას.


სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ ამ სასწავლო კურსმა მათ საშუალება მისცა უკეთესად  გაეცნოთ ფაბლაბის შესაძლებლობები, რომლის ფუნქციონირებაც უნივერსიტეტში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ეკონომიკისა და ბიზნესის  ფაკულტეტისათვის. ამ სასწავლო კურსით მათ პირველად შეძლეს პრაქტიკული კურსის გავლა და შესაბამისად პრაქტიკული უნარ-ჩვევების მიღება.  ამასთან,  ფაბლაბის დახმარებით ბიზნესის დაწყება - განხორციელება უფრო რეალურად და მარტივად წარმოიდგინეს. გახდნენ უფრო მოტივირებულები და დაფიქრდნენ როგორც მათ მიერ შექმნილი პროდუქტების სრულყოფაზე, ისე ისეთი პროდუქტის შექმნაზე, რომელიც საშუალებას მისცემთ დაიწყონ სტარტაპი და მიაღწიონ სასურველ შედეგს.

 

Print

« იხ. ყველა სიახლე