თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მესამე კურსის წარჩინებული სტუდენტი ნინო გელაშვილი ერთი დღით „პრივატბანკის“ დირექტორი გახდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე „პრივატბანკის“ ხელშეწყობით ჩატარდა სტუდენტური კონკურსი „გახდი ერთი დღით პრივატბანკის დირექტორი“.

პროექტის იდეის ავტორები და ორგანიზატორები დოქტორანტი ვახტანგ ჭარაია, სტუდენტები: ნინო ტოპეშაშვილი, დეა ტვილდიანი და მიხეილ ჯორჯიაშვილი იყვნენ.

პროექტი განხორციელდა „პრივატბანკის“ მხარდაჭერით. მასთან უნივერსიტეტს თანამშრომლობის მემორანდუმი აქვს გაფორმებული და იგი ყოველთვის მხარში უდგას სტუდენტებს – იღებს მათ სტაჟირებაზე და ეხმარება დასაქმებაში. ბანკის მმართველები აღნიშნულ პროექტსაც სიხარულით გამოეხმაურნენ და უნივერსიტეტთან ერთობლივი ძალებით დაიწყო მისი განხორციელება.

პროექტის მონაწილე სტუდენტების შერჩევა ავტობიოგრაფიებითა და გასაუბრების საშუალებით მოხდა. სულ 200–მდე CV შემოვიდა და მათგან 36 შეირჩა. სტუდენტები 7 გუნდად დაიყვნენ და ბიზნეს სიმულაციურ თამაშში ჩაერთვნენ.

პროექტის პირველი ეტაპი ა.წ. 24 მაისს უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის შენობაში ჩატარდა. გახსნის ცერემონიალზე მოწვეულები იყვნენ უნივერსიტეტის რექტორი ბატონი ალექსანდრე კვიტაშვილი, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი ბატონი აკაკი ხელაძე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბატონი უჩა გოგიშვილი. „პრივატბანკის“ წარმომადგენლები: დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბატონი ზურა მაისურაძე, ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსი ქალბატონი მაკა მჟავანაძე, მისი მოადგილე ქალბატონი ელენა კურტანიძე, საბურთალოს სერვის–ცენტრის მმართველი ქალბატონი ანა ტატიშვილი და რეკლამისა და მარკეტინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი ქალბატონი მარი აბდალაძე.


პროექტი 3 ეტაპისგან შედგებოდა. მეორე და მესამე ეტაპზე სტუდენტებს „პრივატბანკისგან“ სპეციალურად შერჩეული რთული დავალების შესრულება მოუწიათ.


პროექტის გამარჯვებული სპეციალურად შერჩეულმა ჟიურმა გამოავლინა, რომელიც თსუ-სა და პრივატბანკის წარმომადგენლებისგან შედგებოდა. იგი გახდა თსუ ეკონომიკისა დაბიზნესის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ნინო გელაშვილი, მეორე ადგილი ამავე კურსის სტუდენტმა მარიამ მათიაშვილმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მეორე კურსელი გიორგი ჯიბლაძე გავიდა.  

ნინო გელაშვილმა ერთი დღე „პრივატბანკის“ დირექტორის ამპლუაში გაატარა. მას მასპინძლობას უწევდა პრივატბანკის დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე ბატონი ბოგდან ლესიუკი. ნინო აღფრთოვანებული უყვებოდა მეგობრებს იმ ერთი დღის შესახებ რომელიც საჩუქრად მიიღო პროექტისგან. იმ დღეს ის შეხვდა „პრივატბანკის“ სხვადასხვა თანამდებობის პირებს, დაესწრო დირექტორთა საბჭოს თათბირს, რომელიც დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა. მას ძალიან სასიამოვნო გარემო შეუქმნეს და ერთი პატარა სურვილიც აუსრულეს, ნინოს ძალიან უნდოდა მომხდარიყო კანდიდატებთან გასაუბრებაზე – მან ამ დღეს ესეც მოახერხა.

ამას გარდა, პროექტის ყველა ფინალისტი მიწვეულია ბანკში სტაჟირების გასავლელად შემდეგი დასაქმების პერსპექტივით.