ნოემბერის ბოლოს ბორჯომში გაიმართა საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „მწვანე ეკონომიკა და მისი გამოწვევები განვითარებად ქვეყნებში“. ღონისძიება განხორციელდა თსუ-სტუდენტური კვლევითი პროექტის - „განახლებადი ენერგიის პოტენციალი საქართველოში და მისი გავლენა ეკონომიკურ განვითარებაზე“ - ფარგლებში. პროექტის ავტორები არიან თსუ-ს მაკროეკონომიკის კათედრის დოქტორანტები: ვახტანგ ჩქარეული, ცოტნე ჟღენტი და ნინო ბიწაძე, რომელთა მეცნიერ ხელმძღვანელია ასოცირებული პროფესორი ნაზირა კაკულია.
საკონფერენციო ნაშრომებზე მუშაობა მიმდინარეობდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაკროეკონომიკის კათედრაზე. ნაშრომების სამეცნიერო ხელმძღვანელი და კონფერენციის სესიის თავჯდომარე გახლდათ ასოცირებული პროფესორი ნაზირა კაკულია. ღონისძიება პირდაპირი ჩართვით გახსნა გრანადის უნივერსიტეტის პროფესორმა ვალენტინ მოლინა მორენომ (პროფ. მოლინას ოქტომბრის თვეში ერაზმუს + ფარგლებში უმასპინძლა მაკროეკონომიკის კათედრამ), რომელმაც რეკომენდაციებით მხარდაჭერა გაუწია აღნიშნულ ღონისძიებას.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის სამივე საფეხურის სტუდენტებმა. მომხსენებლებმა წარმოადგინეს სამეცნიერო ნაშრომები საქართველოში არსებული მწვანე ეკონომიკის, ცირკულარული ეკონომიკის, განახლებადი ენერგიის და ეკონომიკურ-ეკოლოგიური პრობლემების შესახებ.