ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გრძელდება პროექტი სახელწოდებით ,,ეკონომიკური დებატები სტუდენტებისათვის“, რომლის ინიციატორია ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრა. მიმდინარე წლის 23 მარტს ჩატარდა რიგით მეორე ღონისძიება, რომელიც გახსნეს და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ფარესაშვილმა და ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა სიმონ გელაშვილმა. მათ აღნიშნეს, რომ ასეთი ღონისძიებები ფაკულტეტზე გაიმართება რეგულარულად, თვეში ერთხელ და ეს მნიშვნელოვანი სტიმული იქნება სტუდენტებისათვის არა მხოლოდ ცოდნის გასაფართოებლად და პროფესიული უნარ–ჩვევების გასაძლიერებლად, არამედ დებატებისა და დისკუსიის კულტურის განსავითარებლადაც.
დებატების თემა იყო ,,მინიმალური ხელფასი“, რომელშიც 8 სტუდენტი მონაწილეობდა. მოდერატორი იყო ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის მოწვეული პედაგოგი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი ირაკლი მაკალათია. დებატები ჩატარდა ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე ყოველმა მონაწილემ წარმოადგინა მოკლე მოხსენება აღნიშნულ თემაზე, ხოლო მეორე ეტაპზე სტუდენტები დანაწილდნენ განსხვავებული პოზიციების მქონე ორ ჯგუფად და გაგრძელდა ჯგუფთაშორის დებატები.
ღონისძიების დასასრულს სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ მათთვის საინტერესო და სასარგებლო იყო დებატებში მონაწილეობა სხვადასხვა ასპექტით, კერძოდ: თანატოლებთან კომუნიკაცია და ურთიერთობა ასეთი ფორმით, ახალი ინფორმაციის მიღება და კრიტიკული ანალიზი, აგრეთვე დებატებისა და დისკუსიების უნარ–ჩვევების შესწავლა. მათ მადლობა გადაუხადეს ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრას საინტერესო პროექტისათვის და დიდი სურვილი გამოთქვეს, რომ მომავალში აუცილებლად გაგრძელდეს ეს პროექტი.