ამა წლის 9 ნოემბერს თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრანტებმა ბექა ბუზალაძემ და ლაშა-გიორგი სიმონიშვილმა საკუთარი ფაკულტეტისადმი სიყვარულის გამოხატვის საკმაოდ ლამაზი ფორმა გამონახეს. მათ, ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე სამი ნერგი დარგეს. აღნიშნულ ინიციატივას დიდი სიხარულითა და მოწონებით შეხვდნენ სხვა სტუდენტებიც, რომლებიც ჩაერთვნენ ამ ღონისძიებაში.
ბექა ბუზალაძემ და ლაშა-გიორგი სიმონიშვილმა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის დამთავრების შემდეგ სწავლა კვლავ ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურაში გააგრძელეს.
უდაოდ კარგია მსგავსი სიყვარულის გამოხატვის ნებისმიერი ფორმა. ამის მაგალითია, თუნდაც, ჩვენი კურსდამთავრებულის, ამჟამად BDO-ს მმართველი პარტნიორის ზურაბ ლალაზაშვილის მიერ თსუ-ის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საჩუქრად ხუთი ბაღის სკამის გადმოცემა; ასევე მარიამ მათიაშვილის ინიციატივით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ნაძვის სამი ნერგის გადმოცემა. მარიამ მათიაშვილი ფაკულტეტის წარდგინებით სტაჟირებას გადიოდა აღნიშნულ სამინისტროში, სადაც მან მოკლე ხანში დაიკავა საკმაოდ მაღალი თანამდებობა.
ნებისმიერი ჩვენთაგანი მიესალმება აღნიშნულ თუ სხვა მსგავს სასიკეთო საქმეს, გულითადი მადლობა ყველას. სიკეთე გადამდებია.