,,ეკო–მასტერი’’ – ეკონომიკური ვიქტორინა სტუდენტებისათვის


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის პრინციპების კათედრის ინიციატივით (ხელმძღვანელი სრული პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი) ჩატარდა პირველკურსელთა ვიქტორინა „ეკო–მასტერი“


პროექტის მიზანი იყო ეკონომიკის  საწყისი კურსის სწავლების სტიმულირება; სტუდენტებში გუნდური მუშაობის, შეჯიბრისა და სტიმულების ამოქმედების გზით ცოდნის ინტეგრირებისა და პრაქტიკულ სიტუაციებში მისი გამოყენების უნარების რეალიზაცია; სტუდენტთა თეორიული და პრაქტიკული მომზადების დონის ამაღლება.

პროექტი განხორციელდა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაციის ხელშეწყობით. პროექტის ავტორობა და კოორდინატორობა ეკონომიკის პრინციპების კათედრის ასოცირებულ პროფესორს ქალბატონ მარინა ნაცვალაძეს ეკუთვნის. მასთან ერთად პროექტზე მუშაობდნენ ასისტენტ–პროფესორები თ. ათანელიშვილი, მ. ჭითანავადა მ. გრიგოლია. ასევე საორგანიზაციო საკითხებში ჩართული იყო თსუ სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტი.  

პროექტი მოიცავდა სამ ეტაპს. თავდაპირველი რეგისტრაცია გაიარა 80–მდე სტუდენტმა. რომელთაც ტესტირება გაიარეს და 36 ყველაზე მაღალი შეფასების მქონე სტუდენტი  გადავიდა ფინალურ ტურში. შეიქმნა  6 გუნდი თითოეული 6 სტუდენტის შემადგენლობით: გუნდების სახელებია: ,,ეკო–პისტოლს“, ,,უხილავი ხელი“, ,,MR=MC”, ,,GDP”, Know-How” და ,,ევროკლიდონი“.

ფინალურ ტურში ჩატარდა ვიქტორინა. აღნიშნული გუნდები ერთმანეთს შეეჯიბრენ 5 კატეგორიის მიხედვით. თითოეულ კატეგორიაში დასმული იყო სხვადასხვა სირთულის 4 კითხვა, რომლებიც ჟიურის მიერ ფასდებოდა სხვადასხვა ქულებით.

შედეგად გამარჯვებულ გუნდი გახდა ,,GDP” შემდეგი შემადგენლობით: შოთა ბახუაშვილი; მარიამ კაკალაშვილი; დავით ბუმბეიშვილი; მიხეილ თოფურია, ქეთი ბოჭორიშვილი და გუნდის კაპიტანი ნინო ტოპეშაშვილი.

გამარჯვებულ გუნდს გადაეცა 300 ლარი ფულადი ჯილდო, ასევე სახელმძღვანელოები და სხვა წიგნები. ამას გარდა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების საერთაშორისო ორგანიზაციიის ,,ოიკოს ინტერნეშენალის“ თბილისის წარმომადგენლობის ,,ოიკოს–თბილისის“ მიერ გუნდი დაჯილდოვდა განსაკუთრებული პრიზით – გუნდის წევრებმა მიიღეს ანაზღაურებადი სამუშაო ,,ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ განხორციელებულ კვლევებში; ხოლო გამარჯვებული გუნდის კაპიტანი ნინო ტოპეშაშვილი გაემგზავრება ,,ოიკოს ინტერნეშენალის“ საგაზაფხულო 4 დღიან სამუშაო შეხვედრაზე ევროპის ერთ–ერთ ქალაქში.

პროექტის ფინალის ყველა მონაწილე დაჯილდოვდა სერტიფიკატებით და ყველა ფინალისტი გახდა ,,ოიკოს თბილისის“ წევრი.