2018-11-02

ეკონომიკური დებატები სტუდენტებისათვის

გრძელდება სტუდენტური პროექტი ,,ეკონომიკური დებატები სტუდენტებისათვის“

   ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გრძელდება პროექტი სტუდენტებისათვის სახელწოდებით ,,ეკონომიკური დებატები სტუდენტებისათვის“, რომლის ინიციატორია ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრა. მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს ჩატარდა რიგით მესამე ღონისძიება, რომელიც გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა სიმონ გელაშვილმა. მან აღნიშნა, რომ ,,პროექტი გრძელდება სტუდენტების მოთხოვნით და იგი ფაკულტეტზე გაიმართება რეგულარულად, თვეში ერთხელ. ეს მნიშვნელოვანი სტიმული იქნება სტუდენტებისათვის არა მხოლოდ დებატებისა და დისკუსიის კულტურის განსავითარებლად, არამედ ცოდნის გასაფართოებლად და პროფესიული უნარ–ჩვევების გასაძლიერებლად.“
    დებატების თემა იყო ,,ოპტიმალური საგადასახადო სისტემა საქართველოში“, რომელშიც 7 სტუდენტი მონაწილეობდა. მოდერატორი ტრადიციულად იყო ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის მოწვეული პედაგოგი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი ირაკლი მაკალათია. დებატები ჩატარდა ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე ყოველმა მონაწილემ წარმოადგინა მოკლე მოხსენება აღნიშნულ თემაზე, ხოლო მეორე ეტაპზე სტუდენტები დანაწილდნენ განსხვავებული პოზიციების მქონე ორ ჯგუფად და გაგრძელდა ჯგუფთაშორის დებატები.

     აღსანიშნავია, რომ გაფართოვდა ამ პროექტის გეოგრაფია და მასში არა მხოლოდ ჩვენი უნივერსიტეტის, არამედ უკვე 3 სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც მონაწილეობდნენ, რაც აღნიშნული პროექტის პოპულარობის მაჩვენებელია. ასეთი სტუდენტური პროექტი საქართველოს არცერთ უნივერსიტეტში არ ხორციელდება.

     ღონისძიების დასასრულს დებატებში მონაწილე სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ მათთვის საინტერესო და სასარგებლო იყო დებატებში მონაწილეობა სხვადასხვა ასპექტით, კერძოდ: თანატოლებთან კომუნიკაცია და ურთიერთობა ასეთი ფორმით, ახალი ინფორმაციის მიღება და კრიტიკული ანალიზი, აგრეთვე დებატებისა და დისკუსიების უნარ–ჩვევების შესწავლა. მათ მადლობა გადაუხადეს ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრას საინტერესო პროექტისათვის და დიდი სურვილი გამოთქვეს, რომ მომავალში აუცილებლად გაგრძელდეს ეს პროექტი სხვადასხვა აქტუალური თემების განხილვით.



Print

« იხ. ყველა სიახლე