2018-05-16

ასოცირებული პროფესორის გიორგი შიხაშვილის ლექცია აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

მიმდინარე წლის 8 მაისს, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, ბატონ აკაკი ბაკურაძის და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის, ქალბატონ ნანა შონიას მიწვევით, ლექცია წაიკითხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი შიხაშვილმა თემაზე: „თანამედროვე ორგანიზაციულ-მეთოდური ტექნოლოგიების გამოყენება სტუდენტთა სასწავლო პროცესში“. მომხსენებელს ასისტენტობას უწევდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი, სტუდენტური ცენტრი „იდეას“ მენეჯერი შოთა გაბადაძე.

ლექციის მსვლელობისას მომხსენებელმა ისაუბრა მის მიერ შემუშავებული და სასწავლო პროცესში დანერგილი „ურთიერთგამოკითხვის“ და „გუნდური სემესტრული სასწავლო-შემეცნებითი პროექტების“ მეთოდების სასემინარო მუშაობის დროს გამოყენების შესახებ, მათ საჭიროებასა და ამ მეთოდებისადმი სტუდენტთა დამოკიდებულებაზე.

ლექციის მსვლელობისას შოთა გაბადაძეს საშუალება მიეცა სტუდენტის პოზიციიდან დაეფიქსირებინა თავისი მოსაზრება ზემოხსენებული მეთოდების შესახებ.

ლექციას ესწრებოდნენ აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები. ლექციის მსვლელობისას დაისვა მრავალი საინტერესო კითხვა და მთელი შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში. განხილულმა მეთოდებმა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა და გამოითქვა  სემინარებზე მსგავსი მეთოდების დანერგვის სურვილი, დაისახა მომავალში ანალოგიური აქტუალური ლექციების ჩატარების გეგმები.




       


Print

« იხ. ყველა სიახლე