2017-12-25

ეკონომიკური დებატები სტუდენტებისათვის

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე საფუძველი ჩაეყარა ახალ პროექტს სტუდენტებისათვის სახელწოდებით ,,ეკონომიკური დებატები სტუდენტებისათვის“, რომლის ინიციატორია ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრა. მიმდინარე წლის 22 დეკემბერს  ჩატარდა პირველი ღონისძიება, რომელიც გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თეიმურაზ ბერიძემ და პროფესორმა სიმონ გელაშვილმა. მათ აღნიშნეს, რომ ასეთი ღონისძიებები  ფაკულტეტზე გაიმართება სისტემატურად და ეს მნიშვნელოვანი სტიმული იქნება სტუდენტებისათვის არა მხოლოდ ცოდნის გასაფართოებლად და პროფესიული უნარ–ჩვევების გასაძლიერებლად, არამედ დებატებისა და დისკუსიის კულტურის განსავითარებლადაც.


პირველი დებატების თემა იყო ,,დასაქმებისა და უმუშევრობის პრობლემები და მათი დაძლევის გზები საქართველოში“, რომელშიც 10 სტუდენტი მონაწილეობდა. მოდერატორი იყო ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის მოწვეული პედაგოგი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი ირაკლი მაკალათია. ღონისძიების საორგანიზაციო საკითხებში მონაწილეობდნენ ასევე ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები მარიამ ტიტვინიძე და მზია ოქროპირიძე. დებატები ჩატარდა ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე ყოველმა მონაწილემ წარმოადგინა მოკლე მოხსენება აღნიშნულ თემაზე, ხოლო მეორე ეტაპზე სტუდენტები დანაწილდნენ განსხვავებული პოზიციების მქონე სამ ჯგუფად და გაგრძელდა ჯგუფური დებატები.


აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად, პროექტში მონაწილეობა მიიღეს სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმაც, კერძოდ,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ევროპის უნივერსიტეტიდან.


ღონისძიების დასასრულს დებატებში მონაწილე სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ მათთვის საინტერესო და სასარგებლო იყო დებატებში მონაწილეობა სხვადასხვა ასპექტით, კერძოდ: თანატოლებთან კომუნიკაცია და ურთიერთობა ასეთი ფორმით, ახალი ინფორმაციის მიღება და კრიტიკული ანალიზი, აგრეთვე დებატებისა და დისკუსიების უნარ–ჩვევების შესწავლა. მათ მადლობა გადაუხადეს როგორც ფაკულტეტს, ასევე ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრას საინტერესო პროექტისათვის და დიდი სურვილი გამოთქვეს, რომ მომავალში აუცილებლად გაგრძელდეს ეს პროექტი.

 
Print

« იხ. ყველა სიახლე