2018-09-11
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მეორე საერთაშორისო საზაფხულო სკოლა გაიხსნა
მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო საზაფხულო სკოლა, თემაზე „სტარტაპი“ გაიხსნა, რომელშიც ქართველ სტუდენტებთან ერთად, გერმანელი და აზერბაიჯანელი სტუდენტებიც მონაწილეობენ. საზაფხულო სკოლის ორგანიზატორები არიან თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი და კობლენცის (გერმანია) გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.
საზაფხულო სკოლა გახსნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ბატონმა გიორგი შარვაშიძემ. გახსნის ცერემონიალს საქართველოს მხრიდან ესწრებოდნენ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრისა და საზაფხულო სკოლის ხელმძღვანელი პროფესორი დავით ნარმანია და სკოლის კოორდინატორი ქალბატონი სოფიკო ჯვარშეიშვილი. გერმანიის მხრიდან - კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორი და საზაფხულო სკოლის ხელმძღვანელი ქალბატონი მაგდალენა შტულბი, პროფესორი გაბრიელა ვოლფი, სვენ ბინდერი და ლაურა ვერდერი ესწრებოდნენ.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას იღებენ ქართველი, გერმანელი და აზერბაიჯანელი სტუდენტები ბაქოს უნივერსიტეტიდან. სტუდენტები ქმნიან სამეროვან სასწავლო - საკონსულტაციო ჯგუფებს და განიხილავენ საქართველოში, აზერბაიჯანსა და გერმანიაში სტარტაპის ხელშემწყობ და ხელისშემშლელ ფაქტორებს. საზაფხულო სკოლის მონაწილეებს საშუალება აქვთ მოისმინონ არა მხოლოდ ლექცია-სემინარები, არამედ მოინახულონ თბილისში არსებული სხვადასხვა დამწყები და ასევე ბაზარზე უკვე დამკვიდრებული საწარმოები, გაეცნონ მათ მიღწევებს, პრობლემებს, შეისწავლონ მათი შესაძლებლობები და გაუწიონ კონსულტაციები.
ამ მიზნით, სტუდენტებს თავისი მომსახურება შესთავაზეს ბიზნესის სხვდასხვა სფეროში მოღვაწე კომპანიებმა. კერძოდ, ტურიზმის სფეროშო მოღვაწე ახალგახსნილმა სასტუმრომ “ხოხობი“, გენერალური მენეჯერი ქალბატონი თამარ კვერნაძე, სამედიცინო დაზღვევის კომპანია “ალფამ“, წარმომადგენლები ქალბატონები ნათია კვარაცხელია და სოფიო ღიბრაძე და სპორტულმა ბიზნეს კომპანიამ „ფორსპორტი“, რომლის ხელმძღვანელია ბატონი გიორგი ხაჩიძე.
საზაფხულო სკოლის სამუშაო ენაა ინგლისური. მონაწილეებს გადაეცემათ საერთაშორისო სერტიფიკატები. დასვენების დღეებში უცხოელი სტუმრები დაათვალიერებენ თბილისისა და საქართველოს ღირშესანიშნაობებს. ისინი უკვე ეწვივნენ მცხეთას და უფლისციხეს. საზაფხულო სკოლა 16 სექტემბერს, სიღნაღში დასრულდება.
აღვნიშნავთ, რომ გასულ წელს, კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორებისა და სტუდენტების მონაწილეობით ასევე გაიმართა საერთაშორისო საზაფხულო სკოლა თბილისში, თემაზე „ინტერკულტურული მენეჯმენტის კომპეტენციები“. მომავალი წლისთვის ასევე იგეგმება ტრადიციის გაგრძელება და თანამშრომლობის გაღრმავება.
« იხ. ყველა სიახლე