ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-12-17

პროექტი ,,ეკონომიკური დებატები სტუდენტებისათვის“ გრძელდება

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე გრძელდება პროექტი სტუდენტებისათვის სახელწოდებით ,,ეკონომიკური დებატები სტუდენტებისათვის“, რომლის ინიციატორია ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრა. მიმდინარე წლის 12 დეკემბერს ჩატარდა მორიგი ღონისძიება, რომელიც გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა სიმონ გელაშვილმა. მან აღნიშნა, რომ ,,პროექტი გრძელდება სტუდენტების მოთხოვნით და მასში მონაწილეობა მნიშვნელოვანი სტიმულია სტუდენტებისათვის პროფესიული ცოდნის გასაფართოებლად, სპეციფიკური უნარების გასაძლიერებლად და დებატებისა და დისკუსიის კულტურის განსავითარებლად.“

დებატების თემა იყო: ,,უნდა გაისტუმროს თუ არა მოსახლეობის საბანკო დავალიანებები მთავრობამ?“. აქტიურ დებატებში 8 სტუდენტი მონაწილეობდა. მოდერატორობა ტრადიციულად განახორციელა ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის მოწვეულმა ლექტორმა, ეკონომიკის აკადემიურმა დოქტორმა ირაკლი მაკალათიამ. დებატები ჩატარდა ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე ყოველმა მონაწილემ წარმოადგინა მოკლე მოხსენება აღნიშნულ თემაზე, ხოლო მეორე ეტაპზე ერთნაირ პოზიციებზე მყოფი სტუდენტებისაგან შეიქმნა 2 ჯგუფი და გაგრძელდა ჯგუფთაშორის დებატები.

ღონისძიების დასასრულს დებატებში მონაწილე სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ მათთვის საინტერესო და სასარგებლო იყო დებატებში მონაწილეობა სხვადასხვა ასპექტით, კერძოდ: თანატოლებთან კომუნიკაცია და ურთიერთობა ასეთი ფორმით, ახალი ინფორმაციის მიღება და კრიტიკული ანალიზი, აგრეთვე დებატებისა და დისკუსიების უნარ–ჩვევების შესწავლა. მათ მადლობა გადაუხადეს ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრას საინტერესო პროექტისათვის და დიდი სურვილი გამოთქვეს, რომ მომავალში აუცილებლად გაგრძელდეს ეს პროექტი სხვადასხვა აქტუალური თემების განხილვით, რადგან ასეთი მიზნობრივი პროექტი საქართველოს არცერთ სხვა უნივერსიტეტში არ ხორციელდება.  მათ ასევე გამოთქვეს თხოვნა, რომ კარგი იქნებოდა ფაკულტეტის ხელმძღვანელობას გამოეძებნა ფინანსური საშუალებები დებატებში მონაწილე აქტიური სტუდენტების სხვადასხვა ფორმით წახალისების მიზნით, რაც უფრო მეტად გაზრდიდა სტუდენტების მოტივაციას.

Print

« იხ. ყველა სიახლე