ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღია კარის დღე გაიმართა. აბიტურიენტებსა და სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა მიესალმნენ.
თსუ რექტორმა აბიტურიენტებს გააცნო ის შესაძლებლობები, რომელსაც უნივერსიტეტი სთავაზობს მათ, ისაუბრა სიახლეებზე, მათ შორის სასწავლო პროგრამების, საერთაშორისო და გაცვლითი პროგრამების, კვლევის, დაფინანსების და სტიპენდიების შესახებ. „იმედია, რომ ბევრი ახალგაზრდა, რომელიც ღია კარის დღეზე მოვიდა აირჩევს თსუ-ს. ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობს, თუ რატომ უნდა აირჩიოთ თსუ. თუნდაც იმიტომ, რომ ის დღემდე არის უმაღლესი განათლებისა და კვლევის ფლაგმანი მთელ რეგიონში,“- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.
ღია კარის დღეზე ახალგაზრდებს შეხვდნენ თსუ-ს ფაკულტეტების დეკანები, პროფესორები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომელთაც აბიტურიენტების კითხვებს უპასუხეს. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სახელით აბიტურიენტების შეკითხვებს უპასუხეს ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ, მაკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნოდარ ხადურმა, დეკანის მოადგილეებმა მარინა ჩავლეიშვილმა და ნინო ფარესაშვილმა, ფაკულტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული სამსახურების წარმომადგენლებმა.