მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის 3 წარმომადგენელი – პროფესორი სიმონ გელაშვილი, ასოცირებული პროფესორები ნინო ფარესაშვილი და ნინო აბესაძე, პერსონალურად იყვნენ მიწვეული და მონაწილეობა მიიღეს რომის ,,ლა საპიენცას“ უნივერსიტეტში გამართულ საერთაშორისო სემინარში ,,პოსტსაბჭოთა სივრცის გეოპოლიტიკური ადგილი“. აღნიშნულ სემინარზე მათ მიერ წაკითხული იქნა შემდეგი მოხსენებები: სიმონ გელაშვილი – ,,საქართველოს ეკონომიკური ადგილი ევროკავშირში“; ნინო ფარესაშვილი – ,,საქართველო–იტალიის ურთიერთობის ისტორიული ასპექტები“; ნინო აბესაძე – ,,საქართველო–იტალიის სავაჭრო ურთიერთობის ძირითადი ტენდენციები“. აღსანიშნავია, რომ სემინარი ჩატარდა მსოფლიოში ცნობილი სტატისტიკოსის, რომის ,,ლა საპიენცას“ უნივერსიტეტის სტატისტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი დეკანის, პროფესორ კორადო ჯინის სახელობის აუდიტორიაში.
21 თებერვალს გაიმართა საქმიანი მოლაპარაკება, რომელშიც იტალიის მხრიდან მონაწილეობდნენ: რომის ,,ლა საპიენცას“ უნივერსიტეტის რექტორის წარმომადგენელი ევროპისა და აზიის მიმართულებით, პროფესორი ფაბიო გრასი, ასევე იმავე უნივერსიტეტის პროფესორები რობერტო ვალე და უმბერტო ლონგო. 22 თებერვალს კი გაიმართა საქმიანი შეხვედრა საერთაშორისოდ აღიარებულ მეცნიერთან, რომის ,,ლა საპიენცას“ უნივერსიტეტის ყოფილ პრორექტორთან და ამჟამად მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სამსახურის დირექტორთან, პროფესორ ფალკო ლანჩესტერთან. ჩვენთან ერთად სემინარსა და შეხვედრებში მონაწილეობდა ასევე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი რუსუდან ქინქლაძე.
შეხვედრებმა მეტად ნაყოფიერად ჩაიარა და იტალიელმა კოლეგებმა დიდი სურვილი გამოთქვეს ჩვენთან თანამშრომლობაზე სხვადასხვა კონკრეტული მიმართულებით: ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელება; პროფესორების ურთიერთგაცვლა ლექციებისა და მოხსენებების წასაკითხად; ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციებისა და სემინარების ჩატარება (მონაცვლეობით, საქართველოსა და იტალიაში); ერთობლივი სამეცნიერო კრებულების მომზადება და გამოცემა საქართველოში და/ან იტალიაში.
ჩვენი საქმიანი შეხვედრების შემდეგ იტალიელმა კოლეგებმა განაცხადეს, რომ მონაწილეობას მიიღებენ მიმდინარე წლის ნოემბრის დასაწყისში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დაგეგმილ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში.
ყველა ღონისძიების ორგანიზებას და თარჯიმნობას იტალიურ ენაზე უანგაროდ გვიწევდა ჩვენი თანამემამულე, ,,ლა საპიენცას“ უნივერსიტეტის დოქტორი ნინო თელია, რისთვისაც დიდი მადლობა მას.