2018-05-24
გერმანია-საქართველოს სამეცნიერო–ეკონომიკური ფორუმი
მიმდინარე წლის 15–18 მაისს, პირველად ისტორიაში, ბერლინში ჩატარდა ,,გერმანია-საქართველოს სამეცნიერო–ეკონომიკური ფორუმი“, რომელიც მიეძღვნა ჩვენი უნივერსიტეტის დაარსების 100 წლის იუბილეს.
ფორუმის ორგანიზატორები იყვნენ: საქართველოს საელჩო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ეკონომიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბერლინის ქართული სახლი. საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე იყო თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი დავით ნარმანია, თავმჯდომარის მოადგილე – თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი სიმონ გელაშვილი; წევრები: ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ეკონომიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ულრიხ რენდტელი, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორები ეთერ ხარაიშვილი და რევაზ გველესიანი, ასოცირებული პროფესორი გულნაზ ერქომაიშვილი და ასისტენტ–პროფესორი თამარ ლაზარიაშვილი, ასევე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი ნათელა წიკლაშვილი, საქართველოს საელჩოს თანამშრომელი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალბატონი ქეთევან გვენეტაძე და ბერლინის ქართული სახლის ხელმძღვანელი, ქალბატონი თამარ შალამბერიძე.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფორუმის სათანადო აუდიტორიებით უზრუნველყოფაში დიდი წვლილი შეიტანეს ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ეკონომიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტატისტიკის კათედრის გამგემ, პროფესორმა ულრიხ რენდტელმა და ბერლინის ქართული სახლის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა თამარ შალამბერიძემ.
ფორუმი გახსნა და მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ბატონმა ელგუჯა ხოკრიშვილმა. ფორუმის მონაწილეებს მიესალმა ასევე ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის ეკონომიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ანდრეას ლიოფლერი.
საქართველოს მხრიდან ფორუმზე მოხსენებით გამოვიდნენ: პროფესორები დავით ნარმანია, სიმონ გელაშვილი, ეთერ ხარაიშვილი და ნათელა წიკლაშვილი, ასოცირებული პროფესორები: ნინო აბესაძე, გულნაზ ერქომაიშვილი, რუსუდან ქინქლაძე და ლელა ონიანი, ასისტენტ–პროფესორი თამარ ლაზარიაშვილი. გერმანიის მხრიდან მოხსენებები წაიკითხეს სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორებმა: ანდრეას ლიოფლერმა, ულრიხ რენდტელმა, მათიას ფოგტმა, ჰანს–გეორგ პეტერსენმა, შტეფან მიტნიკმა, ანდრეას ნასტანსკიმ და ულრიკე გროტემ.
თითქმის ყველა მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია და ხანგრძლივი დისკუსიები გაიმართა. განსაკუთრებით ბევრი შეკითხვები დასვეს გერმანელმა კოლეგებმა და აღნიშნეს ფორუმში მონაწილე ქართველ მეცნიერთა მიერ წარმოდგენილი მოხსენებების საკმაოდ მაღალი დონე.
16 მაისს გაიმართა მოლაპარაკებები ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან. მათი მხრიდან (განსაკუთრებით კი ამავე უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტიდან) გამოითქვა ინტერესი და მზადყოფნა ერთობლივ სასწავლო და კვლევით პროექტებში მონაწილეობაზე, კერძოდ: მათ აღნიშნეს, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლებელია თსუ–ს დოქტორანტებისა და აკადემიური პერსონალის ჩართვა ერაზმუსის პროგრამის ფარგლებში. ასევე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა გამოთქვა მზადყოფნა მომავალ წელს უმასპინძლოს სტუდენტურ საზაფხულო სკოლას ეკონომიკაში, რომელშიც თანაორგანიზატორები იქნებიან თსუ და ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი; მოხდა ასევე ზეპირი შეთანხმება ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციების ჩატარებაზე (მონაცვლეობით თბილისში, ბერლინსა და ბათუმში); კონკრეტული თემატიკა და თარიღები დაზუსტდება ურთიერთშეთანხმებით.
18 მაისს შედგა ოფიციალური მიღება საქართველოს საელჩოში ბერლინში, სადაც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ბატონმა ელგუჯა ხოკრიშვილმა ისაუბრა საელჩოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე მიმდინარე პერიოდში.
აღსანიშნავია, რომ ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ბრანდენბურგ–საქართველოს საზოგადოების პრეზიდენტმა, ბატონმა პავლე შპეტიშვილმა და ამავე საზოგადოების წევრმა, ბატონმა გიორგი პაპაშვილმა, ასევე ბერლინისა და პოტსდამის უნივერსიტეტების ქართველი სტუდენტების გარკვეულმა ნაწილმა.
« იხ. ყველა სიახლე