5-6 ივლისს, ტექნოპარკში გაიმართა საერთაშორისო ვორქშოფი ,,ევროპული სამეწარმეო და ციფრული კომპეტენციების ჩარჩო საქართველოს განათლების სისტემის განვითარებისთვის“. ვორქშოფი კონცეპტუალურად მიეძღვნა სამეწარმეო და ციფრული კომპეტენციების, როგორც გამჭოლი უნარების განვითარების გზების ძიებას საქართველოში. ყურადღება გამახვილდა საგანმანათლებლო სისტემის და მათ შორის უმაღლესი განათლების სისტემის, როლსა და შესაძლებლობებზე აღნიშნული უნარების განვითარებაში.
ვორქშოფი ემსახურებოდა სამეწარმეო კომპეტენციების ჩარჩოს შესახებ ცნობადობის ზრდას სამეწარმეო კომპეტენციების ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში ინტეგრაციისთვის; საქართველოში სამეწარმეო კომპენტენციის განათლების პოლიტიკის დონეზე და სასწავლო პროცესში სისტემური დანერგვის კონცეფციის მონახაზის შემუშავებას; სამოქმედო გეგმის გარშემო იდეების გენერირებას, თუ როგორ შეიძლება ევროკავშირის სამეწარმეო და ციფრული კომპეტენციების ჩარჩოს პრაქტიკული გამოყენება მასწავლებლების/ლექტორების როლის ზრდის, კურიკულუმის მოდერნიზაციის და მეგობრული სასწავლო გარემოს შესაქმნელად.
საერთაშორისო ვორქშოფს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ უმასპინძლა ტექნოპარკში. ღონისძიების ორგანიზატორი იყო ევროპის განათლების ფონდი (ETF) - ევროკავშირის სააგენტო, რომელიც რამდენიმე წელია საქართველოსთან თანამშრომლობს პროფესიული განათლების რეფორმის და მთელი სიცოცხლის განმავლობაში საკვანძო კომპეტენციების და გამჭოლი უნარების, სამეწარმეო და ციფრული კომპეტენციების რეკომენდაციების კუთხით. ვორქშოფი ჩატარდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებთან, მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ცენტრსა დ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან პარტნიორობით. ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორებმა ინეზა გაგნიძემ, ნინო პაპაჩაშვილმა და დავით სიხარულიძემ.