2017-11-13

თსუ ეკონომიკური პოლიტიკის კათედრა ქუთაისის სკოლა „იმედზე“ მეურვეობის ინიციატივით გამოვიდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი და ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის პროფესორები, 2017 წლის 9 ნოემბერს, ქუთაისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის საშუალო სკოლა „იმედს“ ეწვივნენ უნივერსიტეტის მდიდარი ტრადიციებისა და თანამედროვე საერთაშორისო მიღწევების გასაცნობად. მსგავსი შეხვედრები სკოლის მოსწავლეებს დაეხმარება სწორი პროფესიული ორიენტაციის არჩევაში. სტუმრებმა რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თეიმურაზ ბერიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის ხელმძღვანელი, ეკონომიკური პოლიტიკის ქართულ-გერმანული ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი რევაზ გველესიანი, უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი კახაბერ ჭეიშვილი, ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორები: ირინა გოგორიშვილი, გულნაზ ერქომაიშვილი და ეკა ლეკაშვილი, ასისტენტ პროფესორი გიორგი გაფრინდაშვილი, პროფესორის ასისტენტი თინათინ ავალიშვილი და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი უჩა გოგიშვილი სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცეს დიდი რაოდენობით წიგნები და საუნივერსიტეტო საინფორმაციო გზამკვლევები.  

თბილისიდან ჩასულ სტუმრებს გულითადი დხვედრა მოუწყვეს სკოლა „იმედის“ პედაგოგიურმა პერსონალმა და მოსწავლეებმა. სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა შეხვედრა, სადაც შეიკრიბნენ სკოლა „იმედის“ უფროსკლასელები და მომავალი აბიტურიენტები. შესავალი სიტყვით სტუმრებს და შეკრებილ საზოგადოებას მიმართა სკოლის დირექტორმა, ბატონმა ცოტნე გველესიანმა. მან აღნიშნა, რომ „აკადემიკოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის საშუალო სკოლა ,,იმედი’’ 2000 წელს დაფუძნდა. სკოლაში 900-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. სკოლამ თავისი არსებობის მანძილზე არაერთი რთული და წარმატებული პერიოდი განვლო. სკოლა 1000-ზე მეტ კურსდამთავრებულს ითვლის, რომელთა 90% წარმატებით არის დასაქმებული საჯარო თუ კერძო სექტორში, არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში. შეხვედრის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ გაიმართა სკოლა „იმედის“ მოსწავლეების მიერ ორგანიზებული კონცერტი. ცეკვები, სიმღერები, ლექსები - მოსწავლეებმა სტუმრებს წარმოუდგინეს საკუთარი შემოქმედება.

ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის ხელმძღვანელის, პროფესორ რევაზ გველესიანის ინიციატივა ხანგრძლივ თანამშრომლობაზეა გათვლილი. უახლოეს პერიოდში ქუთაისის სკოლა „იმედს“ კათედრის პროფესორები ეწვევიან მოსწავლეებისათვის ლექციების ჩასატარებლად, აღნიშნულ ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ ასევე კათედრის პარტნიორი უცხოური უნივერსიტეტების მოწვეული პროფესორები.

ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის ინიციატივას და წამოწყებას დიდი მოწონება და გამოხმაურება მოჰყვა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე. ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თეიმურაზ ბერიძის მითითებით, „ნორჩი ეკონომისტის“ სკოლის ეგიდით, ანალოგიური შეხვედრები სასურველია გაიმართოს თბილისის სკოლებში, რუსთავში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.

Print

« იხ. ყველა სიახლე