2016-12-22
დიმიტრი უზნაძის 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება
დიმიტრი უზნაძის 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიმიტრი უზნაძის 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დოკუმენტური ფილმის "უზნაძის ეფექტი" პრემიერა და საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი კრებულის "დიმიტრი უზნაძე-სულმა იგივეობა და უცვლელობა არ იცის" პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, ,,დიმიტრი უზნაძე არის უზარმაზარი პიროვნება, რომელმაც სახელი გაუთქვა ქართულ მეცნიერებას. დღეს არის საშუალება კარგად გავიაზროთ ის, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს უზნაძის თეორია და რა კვლევები უნდა ჩატარდეს. ძალიან კარგია რომ ბევრი სტუდენტი ესწრება დღევანდელ ფილმის ჩევენებასა და წიგნის პრეზენტაციას. დიმიტრი უზნაძის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით რამდენიმე სხვა ღონისძიებაც მოეწყო, მათ შორის, ქუთაისში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია თსუ-ს და ქუთაისის უნივეერსიტეტის წარმომადგენლების ერთობლივი მონაწილეობით. უნივერსიტეტმა დიმიტრი უზნაძის ათტომეულიდან ექვსტომეული უკვე გამოსცა, მომავალ თაობებს საშულება ექნებათ დიმიტრი უზნაძის აკადემიური გამოცემა ჰქონდეთ’’.
დოკუმენტური ფილმი "უზნაძის ეფექტი" თსუ-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის დიმიტრი უზნაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს. ფილმში მონაწილეობენ თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც იკვლევენ დიმიტრი უზნაძის ფენომენს. ფილმის სამხატვრო ხელმძღვანელია მერაბ კოკოჩაშვილი, რეჟისორი - გიორგი ხარებავა, სცენარის ავტორი-კოტე მირიანაშვილი, პროდიუსერი-მერაბ ვაჩნაძე, ოპერატორები: ბესო ორმოცაძე, დავით გუჯაბიძე ხმის რეჟისორი ირაკლი ხუციშვილი.
,,ჩვენ ამ ციკლზე, რომელსაც ჰქვია ,,უნივერსიტეტის დამაარსებლები’’, უკვე დიდიხანია ვმუშაობთ. პირველი ფილმი ივანე ჯავახიშვილზე გადავიღეთ. ციკლის იდეა თვითონ სტუდენტების მოფიქრებული და მოწოდებულია. მასში სრულიად ჩართულია კინო-ტელე ხელოვნების მიმართულება, ფაკულტეტი. თვითონ სტუდენტები დადიან და ეძებენ მასალებს პროფესორებთან და ფსიქოლეგებთან ერთად,’’- განაცხადა ფილმის სამხატვრო ხელმძღვანელმა მერაბ კოკოჩაშვილმა.
დიმიტრი უზნაძე ქართული ფსიქოლოგიის სკოლის დამფუძნებელია. ის მსოფლიოში ყველაზე ორიგინალური თეორიის-განწყობის თეორიის შემქმნელია. მისი ხელმძღვანელობით უნივერსიტეტში შეიქმნა ფსიქოლოგიის კათედრა და ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ლაბორატორია. უზნაძემ შეისწავლა ფენომენი („ე.წ „უზნაძის ეფექტი“), რომელიც საფუძვლად უდევს განწყობის ექსპერიმენტულ მეთოდს. მას დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ფილოსოფიური აზრის გაღრმავება-განვითარებაში. უზნაძის სამეცნიერო ნაშრომები, რომლებიც გამოქვეყნებულია როგორც ქართულ, ისე გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებზე, ეძღვნება ფსიქოლოგიის, ფისოლოფიის და პედაგოგიკის საკვანძო საკითხებს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის #1
ტელ: 22 23 91;
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge
« იხ. ყველა სიახლე