ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-12-26

დეკანის მილოცვა


ძვირფასო სტუდენტებო, კოლეგებო, გილოცავთ დამდეგ 2018  წელს! 

ახალი წელი ყველასთვის საყვარელი, ჯადოსნური დღესასწაულია,  რომელსაც ასე სულმოუთქმელად ველით ყველანი. მას მუდამ მოაქვს უკეთესის იმედი.  წლევანდელი საახალწლო განწყობა კი ერთიორად საზეიმო და სასიხარულოა, რადგან 2018 წელს ჩვენი ალმა მატერის 100 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. ეს გახლავთ ქვეყნის ერთგულების, ტრადიციებისადმი მოწიწების, თაობათა შორის მჭიდრო კავშირის, მარად ახლის ძიების, თავდადებული შრომის,  წინაღობათა დაძლევის საუკუნოვანი პერიოდი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენი სამშობლოს ისტორიაში, საფუძველი ჩაუყარა ქართულ მეცნიერებას, შექმნა ძლიერი სამკვლევრო სკოლები და ასპარეზი მისცა საქვეყნოდ ცნობილ არაერთ მეცნიერსა თუ საზოგადო მოღვაწეს. 

ყოველ ახალ წელს განახლებული იდეებით ვხვდებით, ვცდილობთ  გავაუმჯობესოთ აკადემიური გარემო, ხელი შეგიწყოთ საგანმანათლებლო პერსპექტივების დასახვასა და მათ განხორციელებაში… განსაკუთრებული მზადება გვაქვს უნივერსიტეტის საიუბილეო თარიღისთვის. ვგეგმავთ არაერთ ღონისძიებას. ამ აქტივობათა განხორციელება მხოლოდ და მხოლოდ თქვენი მონაწილეობით იქნება შესაძლებელი. მხოლოდ, საერთო ძალისხმევით შევძლებთ ჩვენი ფაკულტეტის წვლილი განსაკუთრებული შთამბეჭდაობით წარმოვაჩინოთ საერთო საუნივერსიტეტო სამზადისში.

საახალწლო განწყობასა და სამომავლო გეგმების დასახვასთან ერთად 2017 წელსაც უნდა მივაგოთ პატივი. ამ წელმა ბევრი სიხარული გვაჩუქა, თუმცა წარმატებებთან ერთად, სირთულეებიც შეგვხვდა მაგრამ, განა რამე შეედრება ამ სირთულეთა დაძლევით გამოწვეულ სიხარულსა და კმაყოფილებას?! 

ახალ 2018 წელს გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას; იმედები გაგმართლებოდეთ, სურვილები აგსრულებოდეთ, დასახული  მიზნებისთვის მიგეღწიოთ... 

მრავალ ახალ წელს, ძვირფასო მეგობრებო! 

თამარ დოლბაია

ვიდეო მისალოცი



Print

« იხ. ყველა სიახლე