2019-04-24

ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული კვლევითი ცენტრის გახსნა თსუ-ში

24 აპრილს, 11.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი გაიხსნება. Academia Europaea -ს რეგიონული ცენტრის გახსნა საქართველოში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და აკადემიური საკითხია, რადგან ცენტრი დაეხმარება საქართველოს სამეცნიერო საზოგადოებას ევროპის მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სივრცესთან დაახლოებაში და ხელს შეუწყობს ქვეყანას ევროინტეგრაციის მიმართულებით სვლაში.
ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით, 22-27 აპრილს თსუ-ში შედგება  Academia Europaea -ს ცენტრალური მმართველობის, ევროპული რეგიონული ჰაბებისა და სამეცნიერო საბჭოს წევრების საქმიანი ვიზიტი. ცენტრი  შეეცდება განავითაროს და განავრცოს სამეცნიერო კვლევისა და აკადემიური ცოდნის უმაღლესი ხარისხის სტანდარტები მეცნიერების ყველა დარგში.    
ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრი   წარმოადგენს „აკადემია ევროპეას“ რეგიონული ცენტრების ქსელის ნაწილს და ხელს შეუწყობს მეცნიერების მენეჯმენტში ევროპული  მიღწევების გამოყენებას ეროვნული და რეგიონული პოლიტიკის წარმოებისათვის, საერთაშორისო სააგენტოებთან კოორდინირებული მუშაობისთვის, ინტერდისციპლინური და საერთაშორისო უმაღლესი ხარისხის სამეცნიერო კვლევების, ცოდნისა და განათლების  წახალისებისათვის. თბილისის ცენტრი მეცნიერებათა ევროპული აკადემიის რეგიონული ცენტრების ქსელის მეხუთე წევრია.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი, დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული  ევროპული აკადემიისა (Academia Europea) და თსუ-ს ერთობლივი ინიციატივით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი მხარდაჭერით იხსნება. 
თსუ-ში ევროპის აკადემიის რეგიონული ცენტრის გახსნის გადაწყვეტილება  „აკადემია ევროპეას“ მმართველი საბჭოს წევრებმა ბარსელონაში გასულ წელს ყოველწლიურ შეკრებაზე ერთხმად მიიღეს. 

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მეორე სართული, მუზეუმი

« იხ. ყველა ანონსი