2013-10-22

„ქართულ-რუსული“ ლექსიკონის პრეზენტაცია

22 ოქტომბერს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ქართულ-რუსული ლექსიკონის“ პრეზენტაცია გაიმართება. ახალი ლექსიკონი დღემდე არსებულ ქართულ-რუსულ ლექსიკონებზე ბევრად ვრცელია და 58 500 ლექსიკურ ერთეულს მოიცავს.

“ქართულ-რუსული ლექსიკონის” შედგენის საკითხი არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში XX საუკუნის 70-იან წლებში დაისვა. შეიქმნა სარედაქციო ჯგუფი, რომელმაც შეადგინა ლექსიკონის სიტყვანი და დაამუშავა მისი შედგენის ინსტრუქცია.

ლექსიკონის გამოსაცემად მოსამზადებელი სამუშაოები რამდენიმე წლის წინ განახლდა. ისტორიულ ცვლილებათა გამო აუცილებელი გახდა ნაშრომში შემავალი ლექსიკის საფუძვლიანად გადამუშავება - კომუნისტური პერიოდის ლექსიკის ამოღება ან მნიშვნელოვანი კორექტირება. მეორე მხრივ, ენაში შემოიჭრა ახალი  (ძირითადად უცხოური) ლექსიკა, რაც ლექსიკონში უნდა ასახულიყო.

 სარედაქციო ჯგუფის მიზანი იყო მკითხველისთვის თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ლექსიკის ზუსტი რუსული შესატყვისების მიწოდება. ლექსიკონი ფილოლოგიურია: მასში არ შედის საკუთარი სახელები (პირთა, გეოგრაფიული...); მეცნიერების, ხელოვნების, ტექნიკის სფეროებში დამკვიდრებული სპეციალური ტერმინები; ძველი, ხმარებიდან გადავარდნილი, კუთხური, ჟარგონული, სათაკილო და უწმაწური სიტყვები და გამოთქმები.

ლექსიკონი ტექნიკურად მომზადდა ენათმეცნიერების ინსტიტუტში,  გარეკანის დიზანი შესრულდა თსუ გამომცემლობაში. ლექსიკონი შედგება  772 გვერდისგან.  

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზირი, თსუ I კორპუსის ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის  დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი