2015-04-22

სტუდენტური პროექტი „თაობა L“ იწყება

22 აპრილს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტის "თაობა L"-ის პრეზენტაცია ჩატარდება. პროექტი დათო ტურაშვილის საჯარო ლექციით "წიგნიერების მნიშვნელობა ახალგაზრდებში" გაიხსნება.

პროექტის იდეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეკუთვნით და მას უნივერსიტეტი და გამომცემლობა „პალიტრა L“ ერთობლივად ახორციელებენ.

პროექტის მიზანია ახალგაზრდების წიგნიერების ხელშეწყობა და კონკურსის ფორმით სტუდენტებისთვის მეტი მხატვრული ლიტერატურის შეთავაზება. კონკურსში ჩართვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ. კონკურსანტები პროექტისთვის შერჩეულ 10 წიგნს წაიკითხავენ და სპეციალურად კონკურსისთვის მომზადებულ ტესტებს დაწერენ. კონკურსის შედეგად გამოვლინდება ერთი გამარჯვებული, რომელიც გამომცემლობა პალიტრა L-ის მიერ დაწესებულ მთავარ პრიზს - 1000 ლარს მიიღებს.

კონკურსი ტრადიციულია და უნივერსიტეტის მასშტაბით უკვე მეორედ ტარდება. 2014 წელს კონკურსის გამარჯვებული თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტი ანანო ასპანიძე გახდა.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, II სართული, სააქტო დარბაზის ფოიე

« იხ. ყველა ანონსი