2010-02-02
თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით, 1 თებერვალს გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა-პრეზენტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ელექტრონული სწავლების დანერგვის შესახებ. პრეზენტაცია წარმოადგინა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ექსპერტმა, უნივერსიტეტში ელექტრონული სწავლების დანერგვის კოორდინატორმა, ქ–მა მაკა ერაძემ. შეხვედრაზე წარმოდგენილ იქნა ელექტრონული სწავლების დანერგვის ხედვა და გაწეული მუშაობის ანგარიში, ასევე ელექტრონული სწავლების პლატფორმა და ვებ–გვერდი. არსებული მდგომარეობით უნივერსიტეტში არსებობს რამდენიმე ათეული ელექტრონული კურსი, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრაციის მიზნით კი ყოველ სემესტრში დოქტორანტებს ეკითხებათ არჩევითი კურსი “ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიები კვლევა/სწავლებაში და ელექტრონული კურსების შექმნა”.
საინფორმაციო შეხვედრა-პრეზენტაციას დაესწრნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების და ცენტრალური ადმინისტრაციის წარმომადგენლები. გაიმართა დისკუსია ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ინტეგრაციისა და ელექტრონული სწავლების დანერგვის, მისი შემდგომი განვითარების პერსპექტივების და კონკრეტული ღონისძიებების შესახებ.
8–15 თებერვალს ანალოგიური საინფორმაციო შეხვედრა–პრეზენტაციები უნივერსიტეტში ელექტრონული სწავლების დანერგვის შესახებ გაიმართება აკადემიური პერსონალისთვის.
« იხ. ყველა ანონსი