2019-06-20
სამეცნიერო სემინარი „ფიზიკა დიდი ადრონული კოლაიდერის ერაში“
20 ივნისს, 15 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში ჩატარდება სამეცნიერო სემინარი
„ფიზიკა დიდი ადრონული კოლაიდერის ერაში“, რომელიც ეძღვნება პროფესორ ჯემალ ხუბუას დაბადების 80 წელს.
ჯემალ ხუბუა 1962 წლიდან მუშაობს თსუ-ში. მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში. 1994 – 2017 წწ იყო საქართველოს გაერთიანებული გუნდის „თბილისის“ ხელმძღვანელი ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში. იგი თანაავტორია გახმაურებული ნაშრომისა ჰიგსის ნაწილაკის აღმოჩენის შესახებ „Observation of a new particle in the search for the Standard Model Higgs boson with the ATLAS detector at the LHC", რომელიც გამოქვეყნებულია ჟურნალ Phys.Lett. B716 (2012) 1-29“. მის შრომებს გააჩნია ძლზე მაღალი ჯამური ციტირება (ასი ათასზე მეტი).
2004 წ - ჯემალ ხუბუას მიენიჭა ქ. დუბნის, „ბირთვული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის საპატიო თანამშრომლის“ წოდება. ხოლო 2006 წ -„ბირთვული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის საპატიო დიპლომი.
2007 წლის მაისში მას მიენიჭა საქართველოს მთავრობის ღირსების ორდენი, „საქართველოში ფიზიკის განვითარების საქმეში, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განმტკიცებასა და ახალგაზრდა ფიზიკოსთა აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“.
კოლეგებთან ერთად მინიჭებული აქვს 2010 წლის საქართველოს ეროვნული პრემია მეცნიერების დარგში, შრომისათვის: „ადრონული კალორიმეტრისა და მიუონური სისტემის ცენტრალური ნაწილების და მაკონტროლებელი სისტემის შექმნა დიდ ადრონულ კოლაიდერზე დაგეგმილ ექსპერიმენტ ატლასისთვის“. 2012 წლის ნოემბერში, თანაავტორებთან ერთობლივად გამოცემული წიგნი (2-ტომეული): "JINR contribution to the design and construction of the ATLAS hadron tile calorimeter", დაჯილდოვებულია საქართველოს მეცნიერების ისტორიის საზოგადოების მედლით, როგორც საუკეთესო წიგნი ფიზიკაში, ქართველი ავტორის მონაწილეობით. 2015 წლის 25 სექტემბერს ქ.დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე ჯემალ ხუბუას მიენიჭა ამავე საერთაშორისო ინსტიტუტის საპატიო დოქტორის წოდება.
ი. ჭავჭავაძის გამზ. 1. თსუ I კორპუსი, მუზეუმი, N210 ოთახი.
« იხ. ყველა ანონსი