2015-02-25

ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თსუ-ში

25 თებერვალს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.  უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში მოეწყობა წიგნების გამოფენა ლიტერატურის კრიტიკოსის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის კიტა აბაშიძის კოლექციიდან. 

სწორედ, კიტა აბაშიძის ანდერძის თანახმად 1917 წელს აღნიშნული კოლექციით ფაქტობრივად გაიხსნა უნივერსიტეტის წიგნთსაცავი. გამოფენა  1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის მიერ  თბილისთან დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას ეძღვნება. 1924 წელს საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმმა დახვრიტა  კიტა აბაშიძის უფროსი ვაჟი - გია აბაშიძე.

ღონისძიებაზე მოსული სტუმრები პატივს მიაგებენ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაღუპულთა  ხსოვნას და უნივერსიტეტის ეზოში აღმართულ  მემორიალს ყვავილებით შეამკობენ; დაათვალიერებენ კიტა აბაშიძის წიგნადი კოლექციის ნაწილს  და ეპოქის ამსახველი ჟურნალ-გაზეთებიდან მის პუბლიცისტურ წერილებს გაეცნობიან.

ღონისძიებას  უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, კიტა აბაშიძის, ივანე ჯავახიშვილისა და დაღუპულ იუნკერთა შთამომავლები, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრებიან.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკის შოთა რუსთველის სახელობის სამკითხველო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი