2015-05-21

თანამშრომლობის მემორანდუმი ქალთა საინფორმაციო ცენტრთან

21 მაისს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქალთა საინფორმაციო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და ორგანიზაციის დირექტორი ელენე რუსეცკაია მოაწერენ.

მემორანდუმის ფარგლებში გენდერის თემაზე სტუდენტებისთვის საჯარო ლექციები და გასვლითი ტრენინგები გაიმართება.  ტრენინგებზე შეირჩევა რამდენიმე აქტიური სტუდენტი, რომლებიც ქალთა საინფორმაციო ცენტრის ვებპორტალზე დასაქმდებიან და ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან.  ორგანიზაცია ასევე გეგმავს დოკუმენტური ფილმის გადაღებას და ამ პროცესში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართვას.

თანამშრომლობის დოკუმენტის გაფორმების შემდეგ ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: "ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა".

ქალთა საინფორმაციო ცენტრი 15 წლის წინ დაარსდა და ქალთა უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობს. ორგანიზაციის საქმიანობა სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს: ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა, ქალთა უფლებების და გენდერის მხრივ სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი, ინსტიტუციური მექანიზმი და სხვა.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა


« იხ. ყველა ანონსი