2015-03-13

თსუ-ში პოსტდოქტორანტურის კონკურსში გამარჯვებულები დასახელდებიან

13 მარტს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოსტდოქტორანტურის კონკურსში გამარჯვებულები დასახელდებიან. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, კონკურსში გამარჯვებული დოქტორები, ფაკულტეტებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები, სტუდენტები დაესწრებიან. 

თსუ-ს პოსტდოქტორანტურაში მიღების საკონკურსო კომისიამ ხუთი გამარჯვებული გამოავლინა:  მაია სვანაძე (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი), ნატო ფიცხელაური (მედიცინის ფაკულტეტი), ნათია ფიფია (ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი), გიორგი რუსიაშვილი (იურიდიული ფაკულტეტი), თამარ კბილაძე (ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი). კონკურსში გამარჯვებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

პოსტდოქტორანტურის ინსტიტუტი თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას ინიციატივით შეიქმნა. პოსტდოქტორანტურის მიზანია დოქტორის აკადემიური ხარისხის მფლობელი მეცნიერის მხარდაჭერა უნივერსიტეტისთვის აქტუალური კვლევის განხორციელებასა და აკადემიურ საქმიანობაში ჩართვის მეშვეობით.  პოსტდოქტორანტი დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირია, რომელიც უნივერსიტეტში ორ წლამდე ვადით საქმდება კონკრეტული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განსახორციელებლად. პროექტის განხორციელებისთვის იგი სარგებლობს უნივერსიტეტის განკარგულებაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.  ამასთან, პოსტდოქტორანტი სარგებლობს უნივერსიტეტის მასწავლებლად და დამხმარე პერსონალად უპირატესი მიწვევის უფლებით და მისი შრომის ანაზღაურება უტოლდება ასისტენტ-პროფესორის მინიმალურ ხელფასს.

მისამართი:  ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი