2015-04-29

შემოდგომის ლეგენდა - 2014 წლის წიგნის პრეზენტაცია

29 აპრილს, 19:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "შემოდგომის ლეგენდა 2014" წიგნის პრეზენტაცია გაიმართება. სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კომპანია „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტია, რომლის მიზანიც ნიჭიერი თაობის აღმოჩენა და მათთვის გზის გაკვალვაა.

ილუსტრირებული წიგნი 10 ფინალისტის და ონლაინ მარათონის გამარჯვებულის მიერ, კონკურსის იმპროვიზაციულ ტურზე შექმნილ ნაშრომებს და ავტობიოგრაფიებს მოიცავს. წიგნი დაჯილდოებაზე მოსულ ყველა სტუმარს საჩუქრად გადაეცემა.

ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დაესწრებიან. პირველი ლედი  შემოდგომის ლეგენდის ფარგლებში დაგეგმილ კიდევ ერთ პროექტში ჩაერთო, რომელსაც ორგანიზატორები გამომცემლობა „ინტელექტის“ მხარდაჭერით განახორციელებენ. პროექტის დეტალები პრეზენტაციაზე გაჟღერდება.

2014 წელს კონკურსის იმპროვიზაციული ტური კახეთში, იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზე ჩატარდა. კონკურსანტებმა ჟიურის მიერ მიწოდებულ თემაზე - „ჩემოდანი და მასში ჩალაგებული 5 ნივთი“, 12 საათის განმავლობაში ახალი ნაშრომები შექმნეს.

მის. : თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შიდა ეზო

« იხ. ყველა ანონსი