2016-04-05

სამეცნიერო კონფერენციამ - "ქალის უფლებები სამართლებრივ დისკორსში", დიდი ინტერესი გამოიწვია

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტისა და  აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის ორგანიზებით, „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროგრამის თანამშრომლობის ფარგლებში, მიმდინარე წლის 31 მარტს, გაიმართა ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია თემაზე ,,ქალის უფლებები სამართლებრივ დისკორსში”, რომელიც ორიენტირებული იყო ქალის უფლებების შესახებ საერთაშორისო სტანდარტებისა და პრაქტიკის გარშემო საქართველოში აკადემიური დებატების წახალისებაზე.

კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, ისევე როგორც დარგის მრავალი პრაქტიკოსი სპეციალისტი. ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისოდ დამკვიდრებული სტანდარტებისა და მასზე დაფუძნებით შექმნილი პრაქტიკის შესახებ მიმდინარე დებატები, შემდეგი ძირითადი მიმართულებების ირგვლივ განვითარდა:
•    პოლიტიკური უფლებები და მონაწილეობა;
•    განათლება და პროფესიული წარმატების ხელშემწყობი ფაქტორები;
•    ძალადობრივი დანაშაული და ქალი;
•    საერთაშორისო დანაშაულის სპეციფიკა ქალთა უფლებების ჭრილში;
•    ევროპის საბჭოსა და გაეროს სტანდარტები ქალთა უფლებების დაცვისას;
•    მონაცემთა დაცვა და ქალთა უფლებები.

თითოეულ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილი მოხსენება იძლეოდა კითხვა-პასუხის რეჟიმში დისკუსიის გაგრძელების შესაძლებლობას; კონფერენციის ფარგლებში საგანგებოდ მოწვეულმა დარგის წამყვანმა პრაქტიკოსმა სპეციალისტებმა კონკრეტული მიმართულებების ირგვლივ მომხსენებლების მიერ პოზიციების წარდგენის შესავლად წარმოადგინეს საკუთარი, დარგის მიმომხილველი, პოზიციები, რითაც მყარი საფუძველი შექმნეს დისკუსიისთვის და თავის მხრივ საშუალება მისცეს აუდიტორიას ერთიან სტრუქტურირებულ კონტექსტში განეხილა კონკრეტული მოხსენებები.
კერძოდ, კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: პროფესორმა, თსუ-ის გენდერისა და სამართლის მიმართულების ხელმძღვანელმა ქეთევან ხუციშვილმა, თსუ-ის მოწვეულმა პროფესორმა მარი მესხმა, ინოვაციებისა და რეფორმების პროექტების დირექტორმა ქეთი გომელაურმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოს უფროსმა მაკა ფერაძემ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამების სპეციალისტმა თამარ საბედაშვილმა.
კონფერენციის დასასრულს, საზეიმო ვითარებაში, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები, მათ შორის მოხდა სამი საუკეთესო მომხსენებლის გამოვლენა.


Print

« იხ. ყველა სიახლე