ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, თსუ არქეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი
ვახტანგ ლიჩელი ვარშავის უნივერსიტეტის წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემიის ლაურეატი გახდა.
ვარშავის უნივერსიტეტის პოტოცკების სასახლეში, 13 სექტემბერს, ვარშავის უნივერსიტეტის წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემიის მიმნიჭებელთა საბჭოს სხდომამ ქართველი წმინდანის პრემიის ლაურეატები დაასახელა. თსუ პროფესორ ვახტანგ ლიჩელთან ერთად პრემიის ლაურეატები გახდნენ ისტორიკოსი, თბილისის გრიგოლ ფერაძის სახელობის უნივერსიტეტის დამაარსებელი და რექტორი ვახტანგ ფერაძე ,გერმანელი ენათმეცნიერი და კავკასიოლოგი, ფრანკფურტის უნივერსიტეტის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, ძველი ქართული პალიმფსესტების აღმომჩენი და შემსწავლელი იოსტ გიპერტი.
ვარშავის უნივერსიტეტის წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის პრემია 2010 წლის 6 დეკემბერს ქართული სამეცნიერო ჟურნალ Pro Georgia. Journal of Kartvelological Studies University of Warsaw ინიციატივით დაწესდა და მას ორ წელიწადში ერთხელ გასცემენ. ლაურეატების დაჯილდოება 2016 წლის 6 დეკემბერს ვარშავის უნივერსიტეტის წმ. გრიგოლ ფერაძის სახელობის კავკასიოლოგთა მე-15 საერთაშორისო კონფერენციაზე ვარშავაში გაიმართება.