2013-09-24

თსუ რექტორის სამუშაო ვიზიტი ბოლონიაში

19-20 სექტემბერს ბოლონიაში (იტალია) წმინდა ლუსიას ტაძრის საკლასო საკურთხეველში ბოლონიის პროცესში ჩართული უნივერსიტეტების წარმომადგენელთა კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა ესწრებოდა.
„ბოლონიაში უნივერსიტეტების დიდი ქარტიის  ხელმოწერიდან 25 წლის იუბილე გაიმართა, რომელზეც დიდ ქარტიას რამდენიმე ახალი უნივერსიტეტი შეუერთდა.  კონფერენციაზე გაკეთდა მოხსენებები მომავალში საუნივერსიტეტო საქმიანობაზე, როგორ უნდა იყოს უნივერსიტეტი ინტეგრირებული გლობალიზაციის პროცესში და როგორ უნდა უწყობდეს საუნივერსიტეტო საქმიანობა ხელს ადგილობრივი საზოგადოებების კულტურის, განათლების განვითარებას,“- განაცხადა თსუ რექტორმა ვლადიმერ პაპავამ.
კონფერენციაზე ბოლონიის უნივერსიტეტის რექტორმა, დიდი ქარტიის სადამკვირვებლო საბჭოს პრეზიდენტმა ივანო დიონიგიმ, ევროპულ უნივერსიტეტთა ასოციაციის პრეზიდენტმა მარია ელენა ნაზარემ, სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა წაიკითხეს მოხსენებები. გაიმართა დისკუსია სტუდენტურ ასოციაციებთან.
უნივერსიტეტების დიდ ქარტიას  (MAGNA CHARTA UNIVERSITATUM) ბოლონიაში 1988 წელს მოეწერა ხელი. ამჟამად, ბოლონიის პროცესში ევროპის 50-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული. საქართველო დიდ ქარტიას 2005 წელს შეუერთდა.

Print

« იხ. ყველა სიახლე