2016-07-22

თსუ ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის 2016 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ცერემონიას თსუ ბაკალავრებთან ერთად, რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი დარეჯან თვალთვაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე,  ფინანსთა მინისტრი, თსუ პროფესორი ნოდარ ხადური, თბილისის მერი, თსუ პროფესორი დავით ნარმანია,  აკადემიური საბჭოს წევრები, ფაკულტეტების დეკანები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.   
თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დარეჯან თვალთვაძემ ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებს კავკასიაში ლიდერი უნივერსიტეტის დამთავრება მიულოცა და წარმატებები უსურვა: „დღეიდან თქვენს ცხოვრებაში იწყება ახალი ეტაპი. უნივერსიტეტში შეიძინეთ ცოდნა, გამოცდილება. უნივერსიტეტში ჩაიყარა თქვენი მომავალი წარმატებების საძირკველი. თქვენი წინსვლა და გამარჯვება, უნივერსიტეტის წინსვლა და გამარჯვებაა!“   
„დღეს ყველაფერი იწყება. უნივერსიტეტმა მოგამზადათ წარმატებებისთვის, უმეტესობა თქვენგანი დაუბრუნდება ალმა მატერს მაგისტრანტის, დოქტორანტის სახით;  დაუბრუნდებით მეცნიერებას. გაუმარჯოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს!“-ბაკალავრიატის დამთავრება მიულოცა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ გიორგი შერვაშიძემ უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილ კურსდამთავრებულებს.
წარმატებები უსურვა ბაკალავრებს თსუ პროფესორმა, ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა: „დარწმუნებული ვარ, დღეს უნივერსიტეტის ეზოში გავლილ წლებს გააანალიზებთ და ახალ გეგმებზე იფიქრებთ. ბევრი თქვენგანი დაბრუნდება უნივერსიტეტში და გააგრძელებს მეცნიერებაში მოღვაწეობას. ჩვენ ერთად ავაშენებთ ძალიან ლამაზ ქვეყანას.“
უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს მიმართა თსუ პროფესორმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ: „უნივერსიტეტის დამთავრება ძალიან მნიშვნელოვანი საფეხურია შემდგომი წარმატებებისთვის. უნივერსიტეტში ძალიან აქტიური ახალგაზრდები იზრდებიან. თქვენ დაწყებულ საქმეს წარმატებულად გააგრძელებთ, ჩაიბარებთ და გაუძღვებით ქვეყანას.“
უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილთ ბაკალავრიატის დამთავრება მიულოცა წარმატებულმა კურსდამთავრებულმა ქეთევან არახამიამ: „უნივერსიტეტი ეს ჩვენ ვართ, სტუდენტები და ლექტორები. მადლობა მათ მოტივაციისთვის. გისურვებთ წარმატებებს. ჩვენ ერთად ვქმნით კავკასიაში პირველ უნივერსიტეტს!“.
თსუ ბაკალავრიატი 2016 წელს 3000-მდე სტუდენტმა დაამთავრა. თსუ-ს 7 ფაკულტეტზე 200-ზე მეტი სასწავლო პროგრამა მოქმედებს და 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2016-2017 სასწავლო წელს 3300-ზე მეტი პირველკურსელს მიიღებს.
საზეიმო ღონისძიებაზე ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებისთვის კონცერტი მუსიკალურმა ჯგუფმა TSU Art -მა გამართა.








Print

« იხ. ყველა სიახლე