23 იანვარს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ–ის სამეცნიერო–პოპულარული ორენოვანი ჟურნალის „თსუ მეცნიერება“ პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები დაესწრნენ.
„ჟურნალი „თსუ მეცნიერება“ ბოლო წლებში გამოცემული პირველი სამეცნიერო–პოპულარული ჟურნალია, რომელიც პოპულარულ ენაზე გვიამბობს თსუ–ში მიმდინარე საერთაშორისო მნიშვნელობის სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულების კვლევებზე. ეს ძალიან დიდი გამოწვევაა და მოხარული ვართ, რომ უნივერსიტეტმა დღეს ასეთი მნიშვნელობის ჟურნალი წარუდგინა საზოგადოებას“, – აღნიშნა თსუ–ის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
ჟურნალი საქართველოში, კერძოდ, თსუ–ში მიმდინარე იმ უახლესს სამეცნიერო კვლევებს ასახავს, რომელთაც უკვე მოიპოვეს საერთაშორისო აღიარება, მიღებული აქვთ სამეცნიერო გრანტები, გამოქვეყნებულია მაღალრეიტინგულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში, გაკეთებულია მოხსენებები საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებზე. როგორც ჟურნალის რედაქტორი თამარ ხორბალაძე აღნიშნავს: „ჟურნალი მოიცავს მრავალფეროვან სპექტრს თემებისას. ჟურნალზე მუშაობისას ჩვენ აღმოვაჩინეთ საქართველოში 21–ე საუკუნის მეცნიერება, რომლის შესახებაც მკითხველი სრულ ინფორმაციას სწორედ ჩვენი ჟურნალის დახმარებით მიიღებს“.
ჟურნალის პირველ ნომერში საუბარია ქართველი მეცნიერების მიერ შექმნილ ახალი ტიპის მზის კონცენტრატორზე, რომელიც მსოფლიო ბანკის ფორუმებზე 2011 წელს 750 საერთაშორისო პროექტიდან საუკეთესო ორმოცდაათეულში და საუკეთესო ოცეულში შევიდა; საწარმოო ნარჩენებისა და მეორადი ნედლეულის გადამუშავების მეთოდებზე, რომელმაც დაინტერესება საერთაშორისო სამეცნიერო არენაზეც მოიპოვა; ქართველ მეცნიერთა წვლილზე ცერნის (ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის) კვლევებში; ქართული ღვინის უნიკალურ თვისებებზე. მასში ასევე მოთხრობილია, რომ „ვეფხისტყაოსანი“, როგორც სიუჟეტური წყარო, ჯერ კიდევ მე–17–ე საუკუნეში გამოუყენებიათ ინგლისში, შექსპირის თეატრში; ამავე დროს, საუბარია ახალი არქეოლოგიური აღმოჩენების შესახებ გრაკლიან გორზე, სვანეთში, კახეთში – ფშანში; მედიაციის პირველ გამოცდილებაზე საქართველოში; იმაზე, თუ როგორ განსაზღვრავენ საკუთარ ნაციონალურ–ეთნიკურ იდენტობას საქართველოში მცხოვრები ერების წარმომადგენლები; რა ტიპის ეთნო–ტერორისტული საფრთხეები ემუქრება ქვეყანას და რა უნდა ვიცოდეთ მეზობელი ახლო აღმოსავლეთის შესახებ; გამოქვეყნებულია სტატია პოსტ–საბჭოთა სივრცეში პირველ კვლევაზე თავის ტვინის პირველადი სიმსივნეების ეპიდემიოლოგიასთან დაკავშირებით, რომელსაც თსუ–ის ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის დეპარტამენტი ახორციელებს; ასევე გაიგებთ პასუხს, თუ რატომ არ მოხდა შიდსის ვირუსის ეპიდემიოლოგიური აფეთქება და რა ტიპის შიდსის ვირუსია გავრცელებული საქართველოში; გაეცნობით ეკონომიკური კვლევების სიახლეებს და ა.შ.
ჟურნალის პრეზენტაციაზე განათლების მინისტრი ინიციატივით წარდგა და აღნიშნა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მსგავსი სამეცნიერო–პოპულარული გამოცემა ახალი სასწავლო წლისათვის სკოლის მოწაფეებისთვისაც უნდა შექმნას.
„მეცნიერების პოპულარიზაცია ჩვენი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ჩვენ გვჭირდება ახალგაზრდების ჩართვა
და მათი დაინტერესება სხვადასხვა მეცნიერული სფეროთი. ამისათვის ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დიდი ბრიტანეთის მოდელი ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც საბუნებისმეტყველო საგნების დაწყებამდე მოსწავლეები შესავალ საგანს „მეცნიერებას“ გაივლიან. მნიშვნელოვანია, რომ პარალელურად მსგავსი სამეცნიერო ჟურნალი უკვე სკოლის მოწაფეებისთვისაც შეიქმნას“, – განაცხადა განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა.
ჟურნალი „თსუ მეცნიერება“ წელიწადში ორჯერ გამოვა, მეორე ნომრის გამოცემა ზაფხულისთვის იგეგმება.