ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-09-24

მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ბიზანტინოლოგია საქართველოში“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეოთხე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ბიზანტინოლოგია საქართველოში“ გაიხსნა.  ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოში საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ელეფთერიოს პროიოსი, ქართველი და უცხოელი მეცნიერები ესწრებოდნენ.
თსუ რექტორის ვლადიმერ პაპავას განცხადებით, „ქართველ მეცნიერებს ძალიან დიდი ტრადიცია აქვთ ბიზანტიური კულტურის შესწავლის საქმეში. ამ ტრადიციის გამოხატვაა ის, რომ სწორედ უნივერსიტეტი მასპინძლობს საერთაშორისო კონფერენციას, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები მონაწილეობენ. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ბიზანტინოლოგიის ქართული სკოლა აგრძელებს სახელოვან სვლას.“
საერთაშორისო კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა რისმაგ გორდეზიანმა. მისი თქმით, „კონფერენციის მასშტაბები ძალიან გაიზარდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ცენტრი ბიზანტინოლოგიური პრობლემატიკის კვლევაში. ეს პრობლემატიკა ორგანულადაა დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის კულტურასთან, ჩვენს ისტორიასთან.“
კონფერენციაზე ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა წარმოადგინეს მოხსენებები ბიზანტინოლოგიის ისტორიულ-თეოლოგიური ასპექტების შესახებ.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან ბიზანტინოლოგთა საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს ეროვნული კავშირი, თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკად. გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კონფერენცია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის და საბერძნეთის საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.
კონფერენცია თბილისსა და ბათუმში ჩატარდება და 30 სექტემბრამდე გასტანს.

Print

« იხ. ყველა სიახლე