ბეჭდვა |/ დახურვა
 
2010-09-20

ახალი სასწავლო წელი თსუ–ში

  20 სექტემბერს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალი სასწავლო წლის დაწყება აღნიშნა.  უნივერსიტეტის მეორე კორპუსის წინ შეკრებილ სტუდენტებს სწავლის დაწყება თსუ–ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე კვიტაშვილმა მიულოცა.

„მოხარული ვარ, რომ შემიძლია პირადად მოგილოცოთ ახალი სასწავლო წლის დაწყება. მსურს გისურვოთ წარმატება და წინსვლა. ჩვენი მიზანია შეგიქმნათ ყველაზე კომფორტული გარემო, სადაც მიიღებთ მაღალი დონის განათლებას და ჩაერთვებით საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დღეიდან თქვენ პირველი ქართული უნივერსიტეტის სტუდენტები ხართ“, – აღნიშნა მილოცვისას ალექსანდრე კვიტაშვილმა.

სწავლის დაწყების ცერემონიას განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი  დაესწრო. მინისტრმა სტუდენტებთან უცხო ენის სწავლების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„უნივერსიტეტის კედლებში თქვენ მიიღებთ მაღალი დონის განათლებას, პარალელურად თითოეული თქვენგანი უნდა დაეუფლოს უცხო ენას, რადგანაც დიპლომის აღება მხოლოდ უცხო ენის გამოცდის ჩაბარების შემდეგ გახდება შესაძლებელი. თანამედროვე განათლების ხარისხი თქვენი პერსპექტიული მომავლის გარანტიაა“, – განაცხადა განათლების მინისტრმა სტუდენტებთან შეხვედრისას.

ტრადიციულად სწავლის დაწყების დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გვერდით მეგობარი კომპანია „ჯეოსელი“ იმყოფებოდა, რომელმაც რეიტინგულ სტუდენტებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ყველაზე მაღალრეიტინგული პირველკურსელებისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სპეციალური საჩუქრები დააწესა. საერთო ჯამში 18 მაღალრეიტინგული სტუდენტი თსუ–ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა და კომპანია „ჯეოსელის“ წარმომადგენელმა დააჯილდოვა.

2010  წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად თსუ–ში ყველა სტუდენტური ვაკანსია შეივსო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალ სასწავლო წელს 2800–მდე პირველკურსელი შეუერთდება, 2010 წელს ყველაზე დიდი რაოდენობის 100% გრანტის მფლობელი პირველკურსელი სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა.
 
დღის ბოლოს სწავლის დაწყება სტუდენტებს ჯგუფ „მგზავრების“ წევრებმა მიულოცეს. კონცერტი ყველა სტუდენტისათვის ვარდების მოედანზე სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით  ჩატარდა.






Print

« იხ. ყველა სიახლე