ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-03-16

თსუ აკადემიური საბჭოს წევრები განათლებისა და მეცნიერების მინისტრს შეხვდნენ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ წუთებში აკადემიური საბჭოს წევრები სამუშაო ფორმატში შეხვედრას მართავენ. მსჯელობის თემა შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის მოძებნა და სტუდენტებთან დიალოგის რეჟიმში კონსენსუსის მიღწევაა. ცოტა ხნის წინ აკადემიური საბჭოს წევრებს, რექტორს და სენატის სპიკერს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე შეხვდა. თსუ რექტორმა ადრე დაგეგმილი შეხვედრის გამო მინისტრთან შეხვედრა ადრე დატოვა.

აკადემიური საბჭოს წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრმა თამარ სანიკიძემ აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში ამჟამად უკეთესი მდგომარეობაა. ვითარების მეტად სტაბილიზაციისთვის საჭიროა კვლავ გაგრძელდეს მსჯელობა. „თავად უნივერსიტეტის გადასაწყვეტია რექტორის ყოფნა-არყოფნის საკითხი. აკადემიური საბჭო ის ლეგიტიმური ორგანოა, რომელზეც უნდა გადაწყდეს ეს საკითხები. კონკრეტული შეთავაზება აქვს აკადემიურ საბჭოს სტუდენტებისთვის. აკადემიური საბჭო ითხოვს გონივრულ ვადას, იმისათვის რომ იმსჯელოს რექტორის საკითხზე, მიიღოს გადაწყვეტილება და აცნობოს სტუდენტებს. ამ ადამიანებმა აირჩიეს რექტორი და მათვე აქვთ გადაწყვეტილების მიღების უფლება. მივცეთ აკადემიურ საბჭოს წევრებს გონივრული ვადა.“

თსუ აკადემიური საბჭოს წევრის ნუგზარ სურგულაძის განცხადებით, „აკადემიური საბჭო აპირებს სტუდენტებთან მისვლას და პრობლემების განხილვას. არსებული პრობლემური საკითხების გადასაჭრელად საჭიროა გარკვეული დრო. რექტორის საკითხთან დაკავშირებით საბჭოს წევრებს შორისაც განსხვავებული აზრია.“

მინისტრთან შეხვედრის შემდეგ აკადემიური საბჭო თსუ-ში შეიკრიბა. სხდომაზე შესვლის წინ თსუ რექტორმა, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარემ ვლადიმერ პაპავამ განაცხადა, რომ „ის ვალდებულება, რაც აქვს რექტორს შექმნილ ვითარებაში და ის ამოცანები რაც აქვს უნივერსიტეტს, ეს ყველაფერი არის ის, რის გამოც გადაწყვეტილების შეცვლას არ ვაპირებ. მე ვფიქრობ, რომ მაინც უნდა იყოს კონსულტაციები, კომუნიკაცია და ვფიქრობ, აკადემიური საბჭოც არის ამ განწყობით. შეიძლება მათ მოსთხოვონ აკადემიურ საბჭოს იმპიჩმენტის საკითხი და ეს არის აკადემიური საბჭოს პრეროგატივა. ამას განსაზღვრას კანონი და წესდებაც. მე კანონმორჩილი ვარ და ვფიქრობ არანაირი პრობლემა არ არის თუ უნივერსიტეტი დარჩება კანონიერების ჩარჩოში.“
Print

« იხ. ყველა სიახლე