2010-09-27
აკადემიური საბჭოს არჩევნები
27 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრმა, პროფესორმა გუგული მაღრაძემ საგანგებო პრეს-კონფერენცია გამართა. აკადემიური საბჭოს არჩევნებამდე ორი დღით ადრე პროფესორმა საკუთარი კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. გუგული მაღრაძე კანდიდატურის მოხსნას შექმნილი ვითარებით ხსნის, პროფესორის თქმით აკადემიური საბჭოს მომავალი წევრები გარე ძალების მანიპულაციით მოქმედებენ.
„მიუხედავად ყველაფრისა, უნივერსიტეტში ყოველთვის არის და იქნება პროფესურა და სტუდენტობა, რომელიც მე მხარს მიჭერს, მაგრამ მომავალი საბჭოს სავარაუდო შემადგენლობაში ჩემი პროფესიონალური და პიროვნული ფასეულობებიდან გამომდინარე ჩემს ადგილს ნამდვილად ვერ ვხედავ. საჭიროა მეტი პრინციპულობა და საზოგადოების მეტი ჩართულობა უნივერსიტეტის საქმიანობაში. თითოეული ჩვენგანი წყვეტს როგორი იქნება უნივერსიტეტი ხვალ“, – აღნიშნა პროფესორმა პრესკონფერენციაზე. გუგული მაღრაძემ ასევე უარყოფითად შეაფასა აკადემიური საბჭოს არჩევნების ჩასატარებლად არასამთავრობო ორგანიზაციის „ახალი თაობა – ახალი ინიციატივა“ მოწვევა და აღნიშნა, რომ არჩევნებს უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც წარმატებით ჩაატარებდნენ.
პროფესორი მოქმედი აკადემიური საბჭოს წევრია. 2010 წლის 29 სექტემბერს დაგეგმილ არჩევნებში გუგული მაღრაძე კენჭს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან იყრიდა.
პროფესორი მოქმედი აკადემიური საბჭოს წევრია. 2010 წლის 29 სექტემბერს დაგეგმილ არჩევნებში გუგული მაღრაძე კენჭს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან იყრიდა.
« იხ. ყველა სიახლე