ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკის პრეზენტაციაზე თსუ ბიბლიოთეკას მამია და ქრისტინე ბერიშვილების საოჯახო არქივი გადაეცა.
ღონისძიებას უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მისნისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, ქართველი ემიგრანტის შთამომავალი ტიერი ბერიშვილი მეუღლესთან ერთად, უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ.
„მამია ბერიშვილის შთამომავალმა გამოხატა მზაობა და უნივერსიტეტს უსასყიდლოდ გადმოსცა მნიშვნელოვანი საარქივო მასალები. ასეთი საჩუქრის მიღების შემდეგ, საჭიროდ ჩავთვალეთ, რომ უნივერსიტეტში გაიხსნას კვლევითი ცენტრი. ეს იქნება ცენტრი, სადაც პროფესორებს, დოქტორანტებს, მაგისტრანტებს შეეძლებათ მოსვლა და ამ მასალების შესწავლა. ეს მასალები შეიძლება გახდეს არაერთი საინტერესო კვლევის, დისერტაციის მომზადების შესანიშნავი წყარო“,-განაცხადა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა
ვლადიმერ პაპავამ.
„დღეს შესანიშნავი თარიღია არამარტო უნივერსიტეტის, არამედ საქართველოს ისტორიაში. მნიშვნელოვანი არქივი გადაეცა უნივერსიტეტს, სადაც უნიკალური მასალა ინახება და რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენს ისტორიოგრაფიას გადააფასოს ბევრი რამ უახლოეს წარსულზე. ასევე გაფორმდა მემორანდუმი უნივერსიტეტსა და ფონდს შორის, რომელიც გააგრძელებს თავის საქმიანობას და კიდევ ბევრი აღმოჩენის მომსწრე გავხდებით“,-აღნიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ
გიორგი შარვაშიძემ.
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის
გელა დუმბაძის თქმით,
„უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა გამდიდრდა მნიშვნელოვანი მასალებით, გაიხსნა ასევე პირველი რესპუბლიკის პერიოდის შემსწავლელი ცენტრი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ახალგაზრდა თაობამ იცოდეს საიდან მოდის დამოუკიდებლობის წლები. ეს არის დიდი მემკვიდრეობა წიგნების, რუკების და იმ მიმოწერების სახით, რომელიც არის შესასწავლი და ბევრი სტუდენტის დაინტერესების საგანი“.
„ეს იყო მამაჩემის მამია ბერიშვილი არქივი, მისი სურვილი იყო, მასალები დამებრუნებინა საქართველოსათვის და მოხარული ვარ, რომ უნივერსიტეტში შეიქმნება კუთხე სადაც გამოფენილი იქნება ეს არქივი“,-განაცხადა ქართველი ემიგრანტის მამია ბერიშვილის შთამომავალმა
ტიერი ბერიშვილმა.
2015 წელს საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველი ემიგრანტის მამია ბერიშვილის შვილმა, ტიერი ბერიშვილმა უნივერსიტეტს გადასცა მამის პირადი არქივი და ბიბლიოთეკა. აღნიშნული ფაქტი გახდა წინაპირობა, უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივით, წარმომადგენლობით საბჭოს მიეღო გადაწყვეტილება უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გახსნილიყო ახალი განყოფილება - ,,საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) შემსწავლელი ცენტრი-ბიბლიოთეკა“, რომლის მიზანია საქართველოს ისტორიის ამ მონაკვეთის (1918-1921 წწ.) კვლევა-ანალიზი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირება, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში შექმნილი საბიბლიოთეკო–საარქივო დოკუმენტების მოძიება, შენახვა, შესწავლა–დამუშავება, გამოფენების, პუბლიკაციებისა და გამოცემების მომზადება.