ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-06-22

სოციალური მუშაკების შეხვედრა პოტენციურ დამსაქმებლებთან

22 ივნისს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალური მუშაობის პრაქტიკის ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და სტუდენტებისთვის   პოტენციურ დამსაქმებლებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება საქართველოს მოსახლეობის სოციალური დაცვის სისტემის ხელშეწყობის მიზნით მოეწყო.
აკადემიური ხარისხის მქონე სოციალური მუშაკების დასაქმება სოციალური მუშაობის ორგანიზაციებში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საქართველოს მოსახლეობის სოციალური დაცვის სისტემის განვითარებაში. სოციალური მუშაობის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პროგრამები რამდენიმე წელია მუშაობს ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამ პროგრამების ერთ-ერთი ძირეული შემადგენელი ნაწილია პრაქტიკის კომპონენტი, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს მიიღონ საფუძვლიანი პრაქტიკული გამოცდილება საუნივერსიტეტო პროგრამის გავლის პროცესში. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია აქტიურად უჭერს მხარს სოციალური მუშაობის აკადემიური პროგრამების პრაქტიკის კომპონენტის განვითარებას.
„სოციალური მუშაკების პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში აკადემიურ განათლებასთან ერთად მნიშვნელოვანი ადგილი პრაქტიკას უჭირავს. შეხვედრაზე ორმოცზე მეტი ორგანიზაციაა წარმოდგენილი, სადაც ახალგაზრდა სოცმუშაკებს დასაქმების პერსპექტივა აქვთ“-აღნიშნა საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავმჯდომარემ სალომე ნამიჭეიშვილმა.
„სოცმუშაკის პროფესიისადმი ინტერესს ბევრი იჩენს. ეს ერთ-ერთი პროფესიაა საქართველოში, რომელსაც დასაქმების ასპროცენტიანი პერსპექტივა აქვს. თსუ-სა და ილიაუნის დიდი წვლილი შეაქვთ ამ მიმართულებით პროფესიონალი კადრების მომზადებაში“-განაცხადა თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ირაკლი ნადარეიშვილის თქმით, სოცმუშაკების ინსტიტუტის არსებობა ჯანდაცვის რეფორმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. „დღეისთვის სამინისტროში 225 სოციალური მუშაკია, რომელთაც ამ მიმართულების აკადემიური განათლება აქვთ მიღებული და ერთწლიანი გადამზადების პროგრამა აქვთ გავლილი. სოცმუშაკთა პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული ბავშვების, მოხუცების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა - ყველა სოციალურად დაუცველი ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესება“- აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
პრაქტიკის სწავლებაში ჩართულ თითოეულ ორგანიზაციას გამოყოფილი ჰქონდა საკუთარი მაგიდა, რომელზეც წარმოდგენილი იყო ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ. სოციალური მუშაობის სტუდენტებს  შესაძლებლობა ჰქონდათ გასაუბრებოდნენ თითოეული ორგანიზაციის წარმომადგენელს და მიეღოთ მათთვის საინტერესო ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ.
ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  და მთავარი პროკურატურის წარმომადგენლები; სოციალურ სფეროში მოღვაწე სამთავრობო და არასამთავრობო უწყებები და ორგანიზაციები, სადაც სტუდენტები პრაქტიკას გადიან.

Print

« იხ. ყველა სიახლე