ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „მწვანე ყუთი“ პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
"პროექტი „მწვანე ყუთი“ საშუალებას მოგვცემს შევაგროვოთ გამოყენებული ქაღალდები მეორადი გადამუშავებისთვის. პირველ ეტაპზე ერთი ყუთი უკვე განთავსდა უნივერსიტეტის მე-7 კორპუსში. დღეს, პირველ კორპუსშიც დაიდგა და ეტაპობრივად განთავსდება უნივერსიტეტის სხვა კორპუსებშიც. ვფიქრობთ, რომ ასეთი აქცია ჩვენი გარემოს გაჯანსაღებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამით დავზოგავთ ხეებს და, რაც მთავარია, ჩამოვაყალიბებთ გარკვეულ კულტურულ დამოკიდებულებას ჩვენი გარემოს მიმართ“,-განაცხადა თსუ რექტორის მოვალეობის შემსულებელმა
დარეჯან თვალთვაძემ.
„უნივერსიტეტის სტუდენტებს გაუჩნდათ ინიციატივა, რომ შეაგროვონ მაკულატურა, შემდეგ გადაამუშაონ ან გაცვალონ წიგნებზე და გაამდიდრონ საბიბლიოთეკო ფონდი. სწორედ ამიტომ, ჩვენთან თანამშრომლობით შეიქმნა მწვანე ყუთები. იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი არის მხოლოდ დასაწყისი, ჩვენ ამ პროცესს წავახალისებთ მომავალშიც“,-აღნიშნა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა
გიგლა აგულაშვილმა.
პროექტი ხორციელდება თსუ ახალგაზრდული ცენტრის ეკოლოგიისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ქვეკლუბის სტუდენტების ინიციატივით. პროექტის მიხედვით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I და VII კორპუსში გამოიყო ადგილები, სადაც განთავსდა კონტეინერები „მწვანე ყუთი“, რომელშიც მოგროვდება ქაღალდის ნარჩენები. შეგროვებული მაკულატურა გადაცვლება წიგნებში, რომლითაც გამდიდრდება თსუ-ს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამასთან არსებული კაბინეტური ბიბლიოთეკა. მომდევნო ეტაპზე გაფართოვდება მაკულატურის მოგროვების საუნივერსიტეტო არეალი და იგეგმება მაკულატურის გადაცვლა ნერგებში, რაც უზრუნველყოფს საუნივერსიტეტო საჯარო სივრცის გამწვანებას.
პროექტში ჩართულები არიან თსუ-ს ახალგაზრდული ცენტრის აზერბაიჯანულ, სომხურ და ქართულენოვანი სტუდენტები.
"რამდენიმე თვის წინ პირადად მე გადავაწყდი ეკო პრობლემებს და სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე ჩემს მეგობრებთან ერთად შემექმნა ჯგუფი და გვებრძოლა ეკოლოგიური პრობლემების წინააღმდეგ“-განაცხადა თსუ-ს ახალგაზრდული ცენტრის სტუდენტმა
მარსელ მანასიანმა.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს უნივერსიტეტში არსებული ქაღალდის ნარჩენების რაციონალურად მართვასა და გარემოსდაცვითი თვითშეგნების ამაღლებას, როგორც სტუდენტებში, ასევე უნივერისტეტის პერსონალში.
ღონისძიება იმართება „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორები არიან ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქართულ ენაში მომზადების სახელმწიფო პროგრამა) და „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი“ (CCIIR).