2012-03-16
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს 15 მარტს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდო ვესტერველე ეწვია. გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სტუდენტებისთვის წაიკითხა მოხსენება სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ევროპასთან ურთიერთობის შესახებ და მათ შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრას საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 600-მდე სტუდენტი ესწრებოდა.
“თქვენ ხართ გლობალიზაციის თაობა. უსმენთ იგივე მუსიკას რასაც უსმენენ გერმანიაში, პოლონეთში, საფრანგეთში; უყურებთ იგივე ფილმებს, რასაც თქვენი თაობის წარმომადგენლები ევროპაში. ინტერნეტის და სოციალური ქსელების საშუალებით შესაძლებლობა გაქვთ მოიპოვოთ მეტი ინფორმაცია მსოფლიოზე, რაზეც თქვენი მშობლები ვერც იოცნებებდნენ. მინდა გაგამხნევოთ - გამოიყენეთ თქვენი თაობის შესაძლებლობები მაქსიმალურად. თქვენ ხართ განათლებული თაობა - ამ ქვეყნის მომავალი ლიდერები. თქვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენი ქვეყანის წინაშე“, – მიმართა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ სტუდენტებს. მისი თქმით, გერმანიაში დღეისთვის 2500 ქართველი სტუდენტი სწავლობს და იმედოვნებს, რომ მათი რიცხვი შემდგომში გაიზრდება.
სტუდენტებთან შეხვედრაზე გიდო ვესტერველემ ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ სწორედ გერმანია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. “ჩვენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არა მხოლოდ მხარს ვუჭერთ, არამედ ვმუშაობთ კიდეც ამ საკითხზე“, - აღნიშნა გიდო ვესტერველემ. მან ასევე აღნიშნა, რომ ძალაში რჩება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად საქართველო გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. “ნატო და ევროგაერთიანება საერთო ფუნდამენტურ ღირებულებაზეა დაფუძნებული. დემოკრატიული და ინსტიტუციური რეფორმა არის საჭირო საქართველოს ნატო-სთან დასაახლოებლად“, - განაცხადა მინისტრმა.
მოხსენებით გამოსვლისას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაიხსენა 2008 წლის კონფლიქტიც და აღნიშნა, რომ მისი შედეგები ძალიან მძიმეა. გიდო ვესტერველემ ყურადღება
აღმოსავლეთ პარტნიორობის ინციატივაზეც გაამახვილა. როგორც მან აღნიშნა, ევროგაერთიანება რამდენიმე დღეში დაიწყებს მოლაპარაკებებს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის თემაზე. სტუდენტებთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროპასთან თავისუფალი სავიზო რეჟიმის შექმნის მნიშვნელობას. მინისტრი იმედოვნებს, რომ ეს საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება.
"ეს იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა. მინისტრის მოხსენება ეხებოდა რეგიონის უსაფრთხოებას და განვითარებას და კითხვებიც იყო შესაბამისი. სტუდენტების კითხვები ძირითადად შეეხებოდა ევროპის სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანებას და მინისტრმა ამ კითხვებზე დიპლომატიური პასუხი გასცა. მართალია სტუდენტები კონკრეტულ პასუხებს მოითხოვდნენ, მაგრამ მინისტრმა კონკრეტიკისგან თავი შეიკავა", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ თსუ-ის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
რექტორმა იმედი გამოთქვა, რომ ასეთი მაღალი რანგის სტუმრები სახელმწიფო უნივერსიტეტს მომავალშიც არაერთხელ ეწვევიან.
« იხ. ყველა სიახლე