2013-02-11

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი სოზარ სუბარი თსუ-ში

11 თებერვალს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრ სოზარ სუბართან შეხვედრა გაიმართა.
„ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტებთან შეხვედრა, საინტერესოა ახალგაზრდების აზრი, მათი ჩართულობა პროცესებში. ჩვენ გავაცნობთ სტუდენტებს თუ რა რეფორმები უნდა გატარდეს სასჯელაღსრულების სისტემაში.  დანაშაულის პრევენცია ძალიან ფართო თემა და მხოლოდ ერთ უწყებაზე არ არის დამოკიდებული. ეს არის ქვეყნის პოლიტიკა და სტუდენტებმა უნდა იცოდნენ, თუ როგორ მიმდინარეობს სისხლის სამართლის რეფორმა. მსგავსი შინაარსის ინფორმაციას სტუდენტები პირველი პირებისგან უნდა იღებდნენ. შესაძლოა ზოგიერთი სტუდენტი სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომელიც გახდეს“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის ირაკლი ბურდულის განცხადებით,  „თსუ-ში ტრადიცია არსებობს - წელიწადში რამდენჯერმე უნივერსიტეტს აღმასრულებელი სტრუქტურის ხელმძღვანელები სტუმრობენ. ასეთი შეხვედრები კიდევ უფრო განამტკიცებს კავშირს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და მეცნიერებას შორის. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა შეხვედრაზე უწყებაში დაგეგმილ, განსახორციელებელ ღონისძიებებზე ისაუბრა. მნიშვნელოვანია ამ პროცესებში ჩვენი აკადემიური პერსონალის ჩართულობა და არსებული გამოცდილების გაზიარება.“
შეხვედრაზე სამინისტროსა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა წაიკითხეს მოხსენებები თემებზე: სასჯელაღსრულების დაწესებულების როლი დანაშაულის პრევენციაში; მსჯავრდებულზე ციხის პირობების ზეგავლენის კრიმინოლოგიური ასპექტი; დამნაშავის პიროვნება და მისი ქცევის კრიმინოლოგიური მახასიათებლები.
ღონისძიებას  საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს წარმომადგენლები, თსუ იურიდიული ფაკულტეტისა და კრიმინოლოგიის ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

Print

« იხ. ყველა სიახლე