ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „დოიჩე ველე აკადემიის“ ერთობლივი სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია
„მედია, სამართალი და ეთიკა: თავისუფლება საზღვრებს გარეშე?” გაიხსნა.
„კონფერენცია მედია სამართალს
ეძღვნება და „დოიჩე ველე აკადემიის“ მხარდაჭერით ხორციელდება. მისი მთავარი მიზანია, სტუდენტებმა გაიაზრონ თუ როგორი უნდა იყოს სიტყვის თავისუფლება და ამ კუთხით დემოკრატიული გარდაქმნები ჩვენ ქვეყანაში. რაც მთავარია, ეს არის ინტერდისციპლინური კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობენ როგორც ჟურნალისტიკის მიმართულების სპეციალისტები, ასევე ახალგაზრდა იურისტები, ფსიქოლოგები“-განაცხადა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა
ვლადიმერ პაპავამ.
„ჩვენ წარმატებულად ვთანამშრომლობთ თსუ-სთან და მოხარულები ვართ, რომ მოვახერხეთ შეგვექმნა პროგრამა, რომელიც ნამდვილად ეხმარება სტუდენტებს, ასევე მასწავლებლებს, ლექტორებს გაიძლერონ უნარები მედია სამართალში. მედია სამართალი მნიშველოვანი საკითხია როგორც ჟურნალისტების, ისე იურისტებისთვის და მოხარულები ვართ, რომ „დოიჩე ველე აკადემია“ ეხმარება ხალხს საქართველოში ამ მიმართულებით უნარ-ჩვევების გაღრმავებაში“,- აღნიშნა დოიჩე ველე აკადემიის აზიისა და ევროპის დეპარტამენტის პროექტების მენეჯერმა
პეტრა რაშკევიჩმა.
ინტერდისციპლინური კონფერენცია მოიცავს შემდეგ სამუშაო პანელებს: ინფორმაციის თავისუფლება; მედია და ადამიანის უფლებები; სიძულვილის ენა; სასამართლო და მედია; მედია და ეთიკა.
კონფერენციაში მონაწილეობენ მომავალი იურისტები, მედიის და მასკომუნიკაციის მკვლევრები, ფსიქოლოგები. კონფერენციის ორგანიზატორებმა 6 უმაღლესი სასწავლებლიდან მიღებული 60-ზე მეტი განაცხადიდან შეარჩიეს 21 საუკეთესო მომხსენებელი. კონფერენციაში მონაწილეობენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები. დაწესებულია პრიზები საუკეთესო შეკითხვისა და დისკუსიაში აქტიურობისთვის.
კონფერენციის ორგანიზატორია საერთაშორისო მედია განვითარების ორგანიზაცია „დოიჩე ველე აკადემია“, თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და იურიდიული ფაკულტეტი.
კონფერენცია 5 ივნისს დასრულდება.