ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-03-12

მიმართვა მთავრობას გრაკლიანი გორის სტატუსის თაობაზე

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ მეცნიერებმა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს მთავრობას გრაკლიანი გორის (კასპის რაიონი) კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსის მინიჭების ინიციატივით მიმართეს. ღონისძიებაზე გრაკლიან გორაზე აღმოჩენილი მრავალფეროვანი არტეფაქტი გამოიფინა.
თსუ არქეოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, პროფესორ ვახტანგ ლიჩელის განცხადებით, „გრაკლიან გორაზე არქეოლოგიური კვლევის შედეგად თსუ სტუდენტების მიერ აღმოჩენილი არტეფაქტები ამ ტერიტორიაზე ადამიანის არსებობის 2 მილიონ წელს ადასტურებს. აღმოჩენილი მასალა, რომელიც 11 სხვადასხვა არქეოლოგიურ პერიოდს მოიცავს, ადასტურებს აქ მცხოვრები საზოგადოების ინტენსიურ კულტურულ-ეკონომიურ ურთიერთობებს იმდროინდელი მსოფლიოს უძლიერეს კულტურულ-პოლიტიკურ ცენტრებთან. გრაკლიანი გორის შესწავლა თსუ სტუდენტებმა პრაქტიკული საქმიანობის დროს დაიწყეს. ამ ობიექტისთვის ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსის მინიჭება არა მხოლოდ არქეოლოგიური სამუშაოების გაგრძელებას და სასწავლო-პრაქტიკული საქმიანობის განვითარებას შეუწყობს ხელს, არამედ მისი ადგილმდებარეობის გამო, ის მუდმივი ტურისტული ინტერესის საგანი გახდება.“
„გრაკლიანი გორა ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული და კულტურული ძეგლია. 2007 წლიდან ამ ობიექტზე თსუ სტუდენტი არქეოლოგები მუშობდნენ. 2014 წლიდან ჩვენი სააგენტო ჩაერთო ფართომასშტაბიან სამუშოებში  და გრაკლიან გორას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.  იმედი გვაქვს, რომ საქართველოს მთავრობა მხარს დაუჭერს ჩვენს ინიციატივას და გრაკლიან გორას ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსს მიანიჭებს, რაც ხელს შეუწყობს საკვლევაძიებო სამუშაოების კიდევ უფრო გაფართოებას და, ამავე დროს, ამ ობიექტს ტურისტული თალსაზრისით  მიმზიდველს გახდის,“ - აღნიშნა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ.
ახლადაღმოჩენილ გრაკლიანზე, რომელიც თბილისი-სენაკი-ლესელიძის მაგისტრალის მშენებლობის დროს 2007 წელს გამოვლინდა, თსუ სტუდენტებისთვის სამეცნიერო პრაქტიკის ბაზა ჩამოყალიბდა.  ეს არქეოლოგიური ობიექტი ყოველწლიური არქეოლოგიური კვლევების შედეგად (ექსპედიციის ხელმძღვანელი თსუ პროფესორი ვახტანგ ლიჩელი) ახალ და მნიშვნელოვან ინფორაციას იძლევა.  ადგილზე აღმოჩენილი არტეფაქტები უნიკალურია და გრაკლინის უწყვეტი განვითარების ისტორიას ადასტურებს.
გრაკლიანის შესახებ მასალები გამოქვეყნებულია მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო გამოცემებში - საფრნაგეთში, ჰოლანდიაში, ინგლისში, იტალიაში, გერმანიასა და ესპანეთში. გრაკლიანის განვითარებისა და პოპულარიზაციის საკითხით დაინტერესებულია  კონსერვაციის საერთაშორისო ცენტრის (იკრომის) გენერალური დირექტორი  სტეფანო დე კარო. დარგის სპეციალისტების თვალსაზრისით, თითქმის ყველა საფუძველია შექმნილი, რომ გრაკლიანმა დამსახურებულად მოიპოვოს ეროვნული კატეგორიის სტატუსი, რაც მისი დაცვისა და განვითარების მექანიზმებს კიდევ უფრო გაამყარებს.
გრაკლიანის უმდიდრესი კოლექციის მნიშვნელოვანი  ექსპონატებია  -  ოქროს დისკო - ძვ. წ.აღ IV ათასწლეული.  მისი ერთადერთი ანალოგი არსებობს ირანში ქალაქ სუზაში, საბეჭდავი - ძვ. წ.აღ IV ათასწლეულით თარიღდება, მისი ანალოგი არსებობს სამხრეთ მესოპოტამიაში ქალაქ ურუქში და პურის საცხობი ღუმელი, რომლის ზომები იცვლება შენობის მოცულობის შესაბამისად და შემკულია დეკორატიული ელემენტებით.
"გრაკლიანი გორა" წარმოადგენს მრავალფენიან არქეოლოგიურ ძეგლს, სადაც  საზოგადოებრივი ცხოვრების  300 000 ათას წლიანი უწყვეტი განვითარება  დასტურდება ქვის ხანიდან დაწყებული რომაული პერიოდის ჩათვლით.  "გრაკლიან გორაზე" გამოვლენილ ტერასებზე ინტენსიურად განლაგებულია  საცხოვრებელი სახლები, სამეურნეო  დანიშნულების ნაგებობები, ტაძრები და სამარხები, რომლებიც ძვ.წ. IV-ახ.წ I ათასწლეულებს განეკუთვნება.     
გრაკლიანის ისტორიულ მნიშვნელობას კიდევ უფრო  აძლიერებს მესამე ტერასაზე გამოვლენილი უნიკალური არქიტექტურული ნაშთი - სატაძრო კომპლექსი ( ძვ.წ. 400 – 350 წლები), რომლის სიგანე 25 მეტრია, სიგრძე კი 6 მეტრი. სატაძრო კომპლექსში შემონახულია თიხის თხელი ფენითა შელესილი და დეკორით შემკული 2 მეტრის სიმაღლის კედლები, რომლის ინტერიერში   სარიტუალო ღუმელები და საკურთხევლებია შემორჩენილი.
ადგილზე აღმოჩენილ მასალათა შორის ყველაზე დიდი რაოდენობით კერამიკაა, ასევე  ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს ნივთები. ადგილობრივ მასალებთან ერთად, დადასტურდა ძველი ცივილიზაციების საწარმო ცენტრებში დამზადებული პროდუქციის იშვიათი კოლექცია როგორიც არის ოქროს დისკო (ძვ. წ.აღ IV ათასწლეულით თარიღდება. გამოვლენილია 2011 წელს)    და კერამიკული საბეჭდავი (ძვ. წ.აღ IV ათასწლეულით თარიღდება. გამოვლენილია 2010 წელს .მისი ანალოგი არსებობს სამხრეთ მესოპოტამიაში, ქალაქ ურუქში).    
გრაკლიანის გორაზე პირველი მონაპოვარი 2007 წელს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მშენებლობის დროს გამოვლინდა. გრაკლიანის არქეოლოგიური საიტი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე მდ. ლეხურას მარჯვენა ნაპირზე წამომართულ გორაზე მდებარეობს.




Print

« იხ. ყველა სიახლე