ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-07-14

„ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალის“ პირველი ნომრის პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალის“ პირველი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა,  თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თამარ დოლბაია, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.
„ჩვენი უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა სამეცნიერო საქმიანობაში. ამიტომ, ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც მოდის ახალგაზრდებისგან და რომელიც დაკავშირებულია სამეცნიერო აქტიურობის გაზრდასთან, რა თქმა უნდა, მხარდაჭერილი იქნება უნივერსიტეტისგან. მიხარია, რომ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა ეს ინიციატივა გამოიჩინეს“,-განაცხადა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.
"რამდენიმე თვეა ამ ჟურნალის შექმნაზე ვმუშაობთ და შედეგს მგონია რომ მივაღწიეთ. ჟურნალის პირველ ნომერში წარმოდგენილია დოქტორანტების 6 სტატია, რომელმაც უკვე გაიარა, როგორც შიდა რეფერირება, ასევე გარე რეფერირებაზეც გავიდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საუნივერსიტეტო მოვლენაა ახალგაზრდა მკვლევრად ჩამოყალიბებისთვის, ისინი იძენენ აკადემიურ კვლევით უნარ-ჩვევებს, რომელიც გამოადგებათ შემდგომ სამეცნიერო საქმიანობაში“,- აღნიშნა თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა თამარ დოლბაიამ.
„ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალი“ განკუთვნილია როგორც თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთათვის, ასევე სხვა დაინტერესებული პირებისთვის.
ჟურნალი დაეხმარება სტუდენტებს  სამეცნიერო–კვლევითი უნარების დაუფლებაში და საშუალებას მისცემს საკუთარი  ნაშრომები გააცნონ ფართო აკადემიურ საზოგადოებას. ჟურნალი ორენოვანია და გამოდის ქართულ და ინგლისურ ენებზე. ახალგაზრდა მკვლევართა ჟურნალი  წელიწადში ორჯერ გამოიცემა.

Print

« იხ. ყველა სიახლე