2011-04-23
21 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მაასტრიხტის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია. უნივერსიტეტის პროფესორებისა და სტუდენტებისაგან დაკომპლექტებული 15 კაციანი დელეგაციისათვის თსუ–ში სხვადასხვა შეხვედრები გაიმართა; თსუ–ის პროფესორმა, არქეოლოგმა ვახტანგ ლიჩელმა სტუმრებისათვის ლექცია წაიკითხა, ხოლო უნივერსიტეტის ფოლკლორული ანსამბლის წევრები დელეგაციის წინაშე კონცერტით წარსდგნენ. ვიზიტის მიზანია ორ უმაღლეს სასწავლებელს შორის საგანმანათლებლო და კულტურული კავშირების გაღრმავება, ურთიერთგაცნობა და სამომავლო გეგმების დასახვა.
„მაასტრიხტი ერთ–ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია ევროპაში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამი სტუდენტი მაასტრიხტში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს. აღნიშნული სასწავლებლის დელეგაციის წევრების ვიზიტი ქართველი სტუდენტის ინიციატივით განხორციელდა. მსგავსი შეხვედრები და დადებითი ემოციები ხელს უწყობს ორი უმაღლესი სასწავლებლის ურთიერთობას. თსუ–ს სტუმრობს მაასტრიხტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანიც, საშუალება გვეძლევა დავსახოთ სამომავლო პერსპექტივები და კონკრეტული გეგმა შევიმუშაოთ, რომელიც ეფექტური კომუნიკაციის გზებს და სასარგებლო პროგრამებს შესთავაზებს ორივე სასწავლებლის სტუდენტებს“, – აღნიშნა თსუ–ის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
2011 წლის იანვარში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია, რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის ხელმძღვანელობით, მაასტრიხტის უნივერსიტეტს ეწვია. შეხვედრისას 2009 წელს ორ უნივერსიტეტს შორის დადებული ხელშეკრულების განხორციელების და ერთობლივი საბაკალავრო პროგრამის ამოქმედებისათვის სამომავლო ნაბიჯები დაიგეგმა. შეთანხმების მიხედვით გაცნობითი ხასიათის საპასუხო ვიზიტი სწორედ აპრილის თვეში უნდა განხორციელებულიყო. თსუ–ის ხელმძღვანელობის განცხადებით თანამშრომლობის გაღრმავებისა და უნივერსიტეტის უკეთ გაცნობის მიზნით მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.
« იხ. ყველა სიახლე